კახა კალაძე: არსებობს თემები, რომელზეც მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობა ჰქონდათ - დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რეზოლუციაში

კახა კალაძე: არსებობს თემები, რომელზეც მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობა ჰქონდათ - დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რეზოლუციაში

ჩვენმა თაობებმა იმისთვის იბრძოლეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციის იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.

მისი შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტით ითხოვენ, დემოკრატია არ არის, რადგან მას მოსახლეობის წინაშე კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„ამ ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. იმ რეზოლუციებს, რომელთაც წინა თვეების განმავლობაში იღებდნენ, დღეს უბრალოდ გარკვეული მიმართულებები დაემატა. რომ გვეუბნებოდნენ, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდესო, კიდევ ერთხელ გაიმეორეს. წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანზე, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი კონკრეტულ საქმეებზე, გვეუბნებიან, უპირობოდ გამოუშვითო. ეს არის მათეული დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ და არც ჩვენს წინაპრებს შეუწირავთ თავი იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ, კონკრეტული დამნაშავეები გამოგვაშვებინონ ან თუნდაც ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენმა თაობებმა იმისთვის იბრძოლეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სანქციებზე მიერთებით ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდებოდნენ.

„სანქციებზე ხომ არ იყო ამდენი ხანი საუბარი?! თვითონ ხომ არ საუბრობდნენ?! მეორე, მესამე პირებს ალაპარაკებდნენ ამასთან დაკავშირებით. არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემები, უფრო მძიმე, რომელთან დაკავშირებითაც, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, ხელის გადაგრეხის მცდელობა ჰქონდათ, რომ ისე მოვქცეულიყავით, ისეთი ნაბიჯი გადაგვედგა, როგორც თავად გვეუბნებოდნენ. დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რევოლუციაში. ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ განსაკუთრებულს. მშვიდობა გვინდა ჩვენს სამშობლოში, რადგან ვიცით, რა არის ომი და რამხელა უბედურების მომტანია ის. ასევე, ვიცით, რა შეიძლება მოიტანოს სანქციებმა. ჩვენ რომ ვყოფილიყავით სუსტი ხელისუფლება, შეგვშინებოდა ვიღაცების და სანქციებს მივერთებოდით, ამით დაზარალდებოდა გლეხი, რომელიც შრომობს; დაზარალდებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც რესტორნები, კაფეები აქვთ. ეს მერე ხომ აისახებოდა ქვეყანაზე, მის ეკონომიკაზე?! შესაძლოა, მიზანი ესეც იყო - ამ შეცდომის შემდეგ, ხალხი ხელისუფლებას შემოუბრუნდებოდა და გვეტყოდა: იმისთვის აგირჩიეთ, რომ გაატარო ისეთი პოლიტიკა, რომელიც კი არ დამაზიანებს, პირიქით, ქვეყანას, ეკონომიკას განავითარებს და ქვეყანას გააძლიერებს. ეს მოცემულობაა დღეს“, - განმარტა თბილისის მერმა.