საქართველოში დაბრუნდა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი. ეს გახლავთ მორიგი ქველმოქმედების აქტი ფონდი „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, - განაცხადა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
„მოგეხსენებათ, ათწლეულების განმავლობაში ფონდი „ქართუ“ გვერდში უდგას და ეხმარება ქართულ კულტურას, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებაზე ვზრუნავთ, თუმცა ქართულ კულტურაზე ზრუნვა ფონდის პრიორიტეტია. ამ წლის ზაფხულში, „კრისტის“ აუქციონზე მოხდა აღნიშნული ხელნაწერის ფონდის მხრიდან შეძენა, რაც ფონდს დაუჯდა 1, 250 000 გირვანქა სტერლინგი“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ბერი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად საქართველოს საკუთრებაა, თბილისშია. აეროპორტიდან ხელნაწერს საქართველოს საპატრიარქოში გადაიტანენ, შემდეგ კი წიგნი ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას.