ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევაზე: დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შედეგი უფრო მაღალი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს

ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევაზე: დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შედეგი უფრო მაღალი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს

მმართველ გუნდში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანებიან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე კვლევაში დაფიქსირებულზე მაღალ შედეგს მიიღებს.

„არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ჩვენი რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში და ეს რეიტინგი კიდევ უფრო მზარდია, რაც ვუახლოვდებით 26 ოქტომბერს. დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო მაღალი იქნება ჩვენი შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ჩვენი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ხედავს. ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის გარანტი ამ ქვეყანაში“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.