გია ვოლსკი: რატომ არის საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, დესპოტ სააკაშვილს რადგან არ ვათავისუფლებთ? ასეთი დამოკიდებულება უსამართლოა

გია ვოლსკი: რატომ არის საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, დესპოტ სააკაშვილს რადგან არ ვათავისუფლებთ? ასეთი დამოკიდებულება უსამართლოა

საქართველოში რატომ არის დემოკრატიის უკუსვლა, დესპოტ სააკაშვილს რადგან არ ვათავისუფლებთ თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რომ მივიღეთ?, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ „ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით“.

გია ვოლსკის შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება უსამართლობაა.

„რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რისი გულისთვის? იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? რა უბედურებაა, საიდან მოიტანეს. ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსამართლოა და ვერ გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა რეიტინგი საქართველოს წინ აყენებს როგორც დემოკრატიის, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ყველა ადამიანს, ვინც ასეთ განცხადებებს აქვეყნებს, ვურჩევ, ევროსაბჭოს ბოლო კვლევა წაიკითხოს იმის თაობაზე, სად არის საქართველო თავისი დემოკრატიით, ეკონომიკით, ღიაობით და გამჭვირვალობით. ასეთ განცხადებას როდესაც ვკითხულობთ, დამატებით უნდა ვიკითხოთ, რატომ, რა არის ამის მიზეზი? სად გადავდგით უკან ნაბიჯი? ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება და ამას ამომრჩეველი კარგად ხვდება. რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც ამ თანხებით უნდა განხორციელებულიყო და უკავშირდება არა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არამედ სოფლის მეურნეობას, განათლებას ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, რასაკვირველია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ და რესურსების მობილიზაცია გააკეთოს, რათა დარგში ჩამორჩენა არ იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.