გია ვოლსკი: ევროპარლამენტართა რეზოლუციის პროექტის ყველა პუნქტი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული

გია ვოლსკი: ევროპარლამენტართა რეზოლუციის პროექტის ყველა პუნქტი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული

რეზოლუციის პროექტის ყველა პუნქტი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნული კომენტარით 14 ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა.

„რეზოლუციაში მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და უნდა გათავისუფლდეს, კონკრეტული ადამიანი კი თურმე ლგბტ კანონის მიღების შემდეგ მოკლეს. სხვა არაერთი ჩამონათვალი იყო, როგორ უნდა დაისაჯოს იმ გამოწვევების წინაშე მყოფი პატარა ქვეყანა, რასაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ჰქვია. ჩვენს პატარა ქვეყანას ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც არც საქართველოს ხვალინდელ დღეზე ნაღვლობენ, რა ექნება ქვეყანას და არც მის მომავალზე თუ ოჯახებზე. ყველა პუნქტი – სააკაშვილით დაწყებული ლგბტ კანონის საკითხით დასრულებული, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ისევე, როგორც ხელისუფლებას მისი მეთაურობით, მაშინ, როცა სააკაშვილმა არათუ ნაბიჯები გადადგა, ხელი შეუწყო ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიძლიერა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს იმ ადამიანებმა დააშავეს, ვის ადვოკატირებასაც ცდილობს ევროპარლამენტარების ნაწილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“. 14 ევროდეპუტატის პროექტში არის მოთხოვნები, მათ შორის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა.