მშვიდობის გარეშე შეუძლებელია იმ კეთილდღეობაზე და პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას პარტიის ლიდერები, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ღონისძიებას მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„წარდგენას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ. არ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და პარლამენტის მაღალი თანამდებობის მქონე პირები. იქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, მეც ვიყავი, როგორც დედაქალაქის მერი და იყო საზოგადოება, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვგეგმავთ.
თქვენ ხომ გამოდიოდით და ამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკის მიმართულებით სალაპარაკო არაფერი აქვსო?“ ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ ხალხს, რამდენი რამეა გაკეთებული, შედარებები იყო მოყვანილი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და დღეს რა პროგრესი გვაქვს, საით მივდივართ, როგორია ჩვენი ხედვა ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, განათლების, ჯანდაცვის თვალსაზრისით. არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიღწევა. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, რა გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო პროგრამის მთავარ პუნქტებს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა, კახა კალაძის თქმით, ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების მიღწევის შედეგად.
„ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა თემაზე ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამის გარეშე შეუძლებელია, ამ კეთილდღეობაზე და იმ პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რასაც ვგეგმავთ. ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და არავის ვუსურვებ იმის გამეორებას, რაც, სამწუხაროდ, ახლა უკრაინაში ხდება.
მთავარი არის მშვიდობა, რაც მოიტანს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს. ეს კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა სიღარიბე, ამას პრემიერმაც ხაზი გაუსვა. გვახსოვს, სიღარიბის ზღვარს მიღმა რამდენი ადამიანი იყო, დღეს რამდენია მათი რაოდენობა, სადამდე ჩამოვიდა. ჩვენ გვინდა, რომ ისტორიულ მინიმუმამდე დავიყვანოთ გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა. სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით ასეთ ოჯახებს იქამდე, სანამ თითოეული ოჯახი არ ამოისუნთქებს და ბედნიერი არ იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ასევე, კითხვაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვა როდის მოხდება, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომი დასასრულს მიუახლოვდება.
„არსებულ მოცემულობაში, როდესაც უკრაინაში ომია და ვხედავთ იმ მძიმე შედეგებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მსგავსი რისკები დღესაც არსებობს. არის მოწოდებები და მცდელობები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაჩნდეს. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, როგორც კი ომი მილევად რეჟიმში გადავა, რა თქმა უნდა, მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. შევძლებთ, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.