1 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია. მან გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა.
მან ასევე მოიყვანა აშშ-ის საელჩოს მიერ განთავსებული „ქარდების“ მაგალითი, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე, მიქანაძის შეფასებით, სახელისუფლებლო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა. ასევე, გაიხსენა ევროკავშირის ელჩის მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების ნეგატიური შეფასება.
„1 ოქტომბრიდან დაწყებული აშშ-ის საელჩო თავის Facebook გვერდზე სისტემატურად ათავსებდა „ქარდებს“, რომლის შინაარსიც კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა.
4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის „სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“. - განაცხადა გივი მიქანაძემ.