მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მეგაპროექტი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.
„უნდა გამოვყოთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები. დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა, მგზავრთნაკადი არის 1 700 000 და მას შემდეგ, რაც გაფართოვდება აეროპორტი, ტერმინალი ხუთ მილიონამდე მგზავრს უმასპინძლებს. რაც შეეხება თბილისს, დაგეგმილია მეგაპროექტი, სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა. თუმცა გვაქვს პროგნოზი და ნაკადები წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ. ახალი აეროპორტი მიიღებს 18 მლნ მგზავრს. ეს არის საკვანძო მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.