გიორგი კახიანი: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ის თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში

გიორგი კახიანი: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ის თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში

მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო შეხვედრებისას, მოქალაქეების დიდი ნაწილი ამის გამო გულისტკივილს გამოთქვამს. გიორგი კახიანის განცხადებით ამომრჩეველი არჩევანით გაწბილებული დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ექნება სრული გამართლება.

„ქალბატონმა სალომემ, რომ თავისი მოქმედებით კონსტიტუცია დაარღვია, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც არის აღიარებული და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის აგრძელებს თავის თანამდებობაზე ყოფნას ერთადერთი არის ის, რომ მას აქვს ალიანსი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და იგი ცდილობს ხელი შეუწყოს იმ პროცესს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მობრუნდეს ხელისუფლებაში. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის გადაყენებას. არადა სურათი როგორი შეიქმნა, სიმართლე რომ ვთქვათ ქალბატონმა სალომემ, როდესაც გახდა პრეზიდენტი მეორე ტურში მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მას იმიტომ, რომ ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ რამე სახით არ მობრუნებულიყო. შედეგად რა მივიღეთ? სრულიად საპირისპირო სურათი. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი გახდა და ცდილობს რაღაცნაირად მოაბრუნოს უკან ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, ამომრჩეველს ეცოდინება, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში დადგება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს. განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წელს ისედაც ეწურება, ამიტომ იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს.