აუცილებელია, საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
დეპუტატი „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც მოგვიანებით ტელეკომპანიამ წაშალა.
„პირველ რიგში, აუცილებელია, საზოგადოებას განემარტოს მისი განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ უარყოს - მისი გავრცელებულია ეს დეზინფორმაცია. ჯერ-ჯერობით, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ბილბორდებთან დაკავშირებით ჰერჩინსკის გამონათქვამები, თავად უკვე მისი ეს ქმედება პირდაპირ ჩარევაა, საქართველოს შიდა საქმეებში.
რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევს ან ევროკავშირის ელჩი ან აშშ-ის, ან სხვა ქვეყნების ელჩები, გერმანიის ელჩი გამოთქვამს-ხოლმე ხშირად თავის მოსაზრებებს - ეს პირდაპირი ჩარევაა! მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ აქ თავი უნდა შეიკავონ და მისცენ საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, თავად აირჩიონ მისთვის სასარგებლო ხელისუფლება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ოპოზიციურმა მედიამ პაველ ჰერჩინსკის სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან. „ფორმულას“ ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება. მსგავსი კომენტარი ელჩს მედიასთან არ გაუკეთებია და მან სავარაუდოდ, ისაუბრა სტუდენტებთან შეხვედრაზე. მოგვიანებით ტელევიზიამ ინფორმაცია წაშალა. „ქრონიკა“ ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა და ოფიციალური განმარტება მოითხოვა.