სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვა და იმისთვის, რომ ამომრჩეველთან პირნათელი ვიყოთ, იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცედურა აუცილებლად უნდა დაიწყოს - პრეზიდენტი კონსტიტუციას ყოველ დღე არღვევს! - ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მაია ბითაძემ გააკეთა.
ბითაძის აზრით, „სალომე ზურაბიშვილი იმ პრეზიდენტად დარჩება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ძირს უთხრის“.
„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სწორია. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად დამტკიცებული იქნება იმ მარტივი ფორმულიდან, რასაც კანონისა და კონსტიტუციის პერმანენტული დარღვევა ჰქვია. ეს ზურაბიშვილია მხრიდან გამოიხატება დაწყებული წინასაარჩევნო რადიკალურ კამპანიაში მონაწილეობით, ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი საქმიანობით დასრულებული.
სალომე ზურაბიშვილს არაფერი ევალებოდა გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ებრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. თუმცა, მისგან საპირისპირო დავინახეთ - სხვა ქვეყნების ან რადიკალური ოპოზიციის პირდაპირი წარმომადგენელია. ის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებას არა თუ ხელს უწყობდა, არამედ არ ინტერესდებოდა იმ შეფასებებით, რითაც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში იყო ჩართული. ახლა ამ ყველაფრის პიკს ვხედავთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.