„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით ფაქტობრივი რეფერენდუმი შედგა 17 მაისს, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ქვეყნის ქალაქებში ამ კანონის მხარდასაჭერად გამოვიდა. ასე რომ, ეს არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანონი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯიმ ო’ბრაიენის განცხადების კომენტირებისას.
„ნახეთ, რომ გაისუსა მთლიანად ოპოზიცია და ქალბატონ სალომესაც ერთი სიტყვა ვერ დავაძვრევინეთ ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ხვდებიან, რომ თვალებში ვერ შეხედავენ ქართველ ამომრჩეველსა და საქართველოს მოსახლეობას.
კანონი, რომელიც ელემენტარულ საკითხებს ეხება და ეფუძნება საღ აზრს, ეფუძნება ჩვენს ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ტრადიციებსა და ღირებულებებს, ამ კანონს ხელს არ აწერ და ეწინააღმდეგები. მაშინ ოპოზიცია სამარცხვინოდ გაიპარა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, რა თქმა უნდა, მათ არაფერი სალაპარაკო არ აქვთ.
რაც შეეხება თავად კანონს, ამ კანონთან დაკავშირებით ფაქტობრივი რეფერენდუმი შედგა 17 მაისს, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ქვეყნის ქალაქებში ამ კანონის მხარდასაჭერად გამოვიდა. ასე, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანონი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჯიმ ო’ბრაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს“.