საინტერესოა „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ რომ მორალზე დაიწყებენ საუბარს, ყველანაირი ამორალურობით არიან გამორჩეულები. შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
„მიუთითეს [არხებმა] საარჩევნო კოდექსში არსებული მუხლი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ომის პროპაგანდა და ომის პროპაგანდის შემცველი რეკლამის გაშვება აკრძალულია. ამას უთითებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ რეკლამა არ გაეშვათ. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ომი იყოს, ზუსტად ამიტომ არის, რომ ის [საარჩევნო კლიპში] ომის კადრები წარმოაჩენს ომის შედეგებს და ომის საწინააღმდეგოა. ჩვენ გვინდა მშვიდობა. საინტერესოა „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ რომ მორალზე დაიწყებს საუბარს. ყველანაირი ამორალურობით არიან გამორჩეულები. ისინი ყოველთვის იყვნენ შემჩნეულები და სასამართლოს, კომუნიკაციების კომისიის მიერ არაერთხელ იყვნენ ცნობილნი სამართალდარღვევებში. შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
სამი ოპოზიციური არხი მმართველი გუნდის საარჩევნო რეკლამებს არ ათავსებს - „მთავარი არხი", „ტვ პირველი" და „ფორმულა" ევროკავშირის ელჩის შეფასების გამო, „ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპს ეთერში არ უშვებენ.
ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებას იწონებენ მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები. ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებას იწონებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.