რამაზ საყვარელიძე: დღეს მივდივართ “ვარდების რევოლუციის” განმეორების მიმართულებით - „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ბევრი ხმა, რათა ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, რის მერეც რევოლუციები იწყება, იყოს საფუძველსმოკლებული

რამაზ საყვარელიძე: დღეს მივდივართ “ვარდების რევოლუციის” განმეორების მიმართულებით - „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ბევრი ხმა, რათა ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, რის მერეც რევოლუციები იწყება, იყოს საფუძველსმოკლებული

დღეს მივდივართ “ვარდების რევოლუციის” განმეორების მიმართულებით. ამისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის ხმა, რათა ბრალდება, რომ გაყალბდა არჩევნები, რის მერეც რევოლუციები იწყება ხოლმე, იყოს საფუძველსმოკლებული,- ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

როგორც საყვარელიძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შეფასებისას აღნიშნა, მმართველი პარტიის რთული კურსი აქვთ აღებული, რაც გულისხმობს დიდი ქვეყნების შუაში გავლა. რამაზ საყვარელიძემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რა საფრთხეები არსებობს აღნიშნულ კურსზე სვლისას.

„მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს ივანიშვილი და მას ჰქონდა საშუალება, რომ აერჩია პოლიტიკა, ყველა ძლიერ მხარისთვის გაეკეთებინა დათმობა, ამის ელემენტები ჩანდა მის განცხადებებში და სხვათა შორის იმაშიც, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ედგნენ გვერდით. შეეძლო გაეგრძელებინა პოლიტიკა ასე, რომ რუსეთისთვისაც და ამერიკისთვისაც თანაბრად გაეწია ანგარიში და ასე მისულიყო ბოლომდე. ეს პოლიტიკა, რომ მოდი, დიდებთან გავათანაბრებ, ეს პოლიტიკა პატარა ქვეყნისთვის ბუნებრივი პოლიტიკა გახლავთ, ერთი შეხედვით და ივანიშვილსაც შეეძლო ამ გზას დასდგომოდა, მით უმეტეს გითხარით, რომ ჰქონდა ამ ტიპის ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც აირჩია მესამე ვარიანტი, არც ერთი, არც მეორე. ის, რომ რუსეთისკენ არ მიდიოდა, რამდენიც არ უნდა იძახონ, მაინც ცხადია. პოლიტიკური მიზნით არის ლაპარაკი მაგაზე, თორემ რეალურად არც ერთი პროცესი რუსეთისკენ გადადგმული არ არის. ერთადერთ არგუმენტად თვითონ გიგაურიც სენატში ამბობდა იმას, რომ დასავლეთს აკრიტიკებსო. სწორია - დასავლეთს აკრიტიკებდა. რატომ აკრიტიკებდა დასავლეთს - დღეს კალაძემ განაცხადა, დასავლეთი გვირჩევდა, რომ ჩავრთულიყავით ომში და ჩვენ არ ჩავერთეთო, მას შემდეგ დაიწყო ჭიდაობა დასავლეთთან უკრაინის ომის ფრაგმენტის მერე, დასავლეთმაც ჭიდაობაში ეგრე არ უნდაო, ხომ იცით ჭიდაობაში ღონიერი იმარჯვებს და დაიწყო მეორე „ვარდების რევოლუციაზე“ ფიქრი, შემზადება არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, კრიტიკა სახელისუფლებო შტოსი და ა.შ. დღეს ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით, დღეს მივდივართ „ვარდების რევოლუციის“ განმეორების მიმართულებით. ამისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის ხმა, რომ ეს ბრალდება, რომ გაყალბდა არჩევნები, რის მერეც რევოლუციები იწყება ხოლმე, იყოს საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება რუსეთს, აქ კიდევ ერთი მომენტია, 9 წელი ჭორვილაში იჯდა ივანიშვილი, იმიტომ, რომ რუსეთი არ უნდოდა და ახლა დაიწყებს რუსეთისკენ მოძრაობას?! ასე რომ თუ არ დავიბრმავებთ თვალს, ერთი რამე ცხადია, რომ თვითონ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ძალიან რთული კურსი აქვთ აღებული - ეს კურსია დიდი ქვეყნების შუაში გავლა. დიდ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ჩინეთს არ ვგულისხმობ, იმიტომ, რომ ამ კურსის ერთ-ერთ ღერძი სწორედ ეგ არის, რომ ჩინეთზე აიღო ორიენტაცია „ქართლმა ოცნებამ“ და იქიდან ამერიკა არტყამს და აქედან რუსეთი. ამის გამო, რა თქმა უნდა, არც ერთს არ აწყობს ჩინეთის გაძლიერება კავკასიაში. ამ რთულ საჭადრაკო სიტუაციას უძღვება ჯერჯერობით „ქართული ოცნება, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის მიერ გაცემული დაპირებების შესრულების სიხშირეს, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ზოგადად არჩევნების წინ იმაზე მეტი დაპირება გაიცემა, ვიდრე ის სრულდება.

„ლაპარაკი იმაზე, რატომ არ ასრულებს „ქართული ოცნება“ დაპირებებს, მოდით, გადავხედოთ მსოფლიო პოლიტიკასაც, ქართულ პოლიტიკასაც, რამდენი დაპირება სრულდება. ცნობილი მოვლენაა, რომ დაპირებებს პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები იძლევიან უფრო მეტს არჩევნების წინ, ვიდრე მერე ასრულებენ. საქართველომ აირჩია მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი, ცდილობს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი და არ ემსახუროს სხვა ქვეყნების ინტერესებს, მიუხედავად ძალიან დიდი რისკისა - შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილი იჯდა ტყვიაგაუმტარ შუშაში, ანალოგიური ტყვიაგაუმტარი შუშა ტრამპს რომ ჰქონდა, ყური არ გაეხვრიტებოდა იმ სხდომაზე. დღევანდელ მსოფლიოში მიუღებელი პოლიტიკური ფიგურებისთვის სროლა, პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, ეს გზა არ არის ხავერდოვანი გზა, საკმაოდ მძიმე, სერიოზული რისკების შემცველი გზაა, დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა. ეს გზა რომ აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, ამ გზის გულშემატკივარი ვარ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა იყო.

„ამას ისიც მოჰყვება, რომ მშვიდობიანი პერიოდი იყო და რაც მთავარია მშვიდობიანია შიდაპოლიტიკური პერიოდი იყო. არავის არ ეზღუდება ქვეყანაში ოპოზიციური რიტორიკა, თვითონ ოპოზიციონერები ვერ იძახიან გვჩაგრავენო, მარტო ერთ კანონზე გამოვიდა ნახევარი საქართველო, რომ დაჩაგვრის კანონიაო, თორემ გვჩაგრავენო, ეს ფაქტები არ ჩანს. არც ტელევიზიებია შეზღუდული.

კარგი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ არის, უამრავი პრობლემა გვაქვს, ოღონდ მთელს მსოფლიოშიც არის ეგ პრობლემები და ეკონომიკური წინსვლისთვის უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი. ერთ-ერთი ვარიანტი, რაც ეკონომიკას შეიძლება ძალიან გამოადგეს, არის სწორედ ჩინური პროექტის შესრულება“, - განაცხადა საყვარელიძემ.