ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ.
„თელავში ადგილზე ვიყავით რთველის შტაბში. გავეცანით მოსავლის დაბინავების მიმდინარეობას. მთლიანობაში, კარგი ტემპით მიმდინარეობს პროცესი. არის რეკორდული მოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს რაციონალურ ფასებს მევენახეებისთვის. ასევე ამან უზრუნველყო რიგების შემცირება. როგორც გვეუბნებიან, პრაქტიკულად, რიგები აღარ არის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ ყველა თვალსაზრისით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ვინც კოორდინაციას უწევს რთველის მიმდინარეობას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური შტაბის მუშაობას გაეცნო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასგან ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.
18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე საფერავია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „მოსავლის მართვის კომპანია" მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.