ირაკლი კობახიძე: სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში 2030 წლისთვის შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მონაცემების განულებას

ირაკლი კობახიძე: სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში 2030 წლისთვის შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მონაცემების განულებას

სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე - სიღარიბის განულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა.

„უკვე შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს  მიღმა ცხოვრობს ჩვენი თანამოქალაქეების 11,8%, რაც ნიშნავს იმას, რომ 440 ათასი არის მაჩვენებელი. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე 680 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. თუმცა, ჩვენთვის რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. როცა ჩვენი 440 ათასი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თუმცა, უკვე წელს ველოდებით სიღარიბის მაჩვენებლის სერიოზულ კლებას. იმედი გვაქვს, წლის ბოლოს ერთნიშნამდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი და ამ ტემპით უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბარია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, სწორედ ამას მოაქვს სიღარიბის და უმუშევრობის შემცირება, დასაქმება და ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტემპები.

„მთავარია, ეს ტემპები შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 2030 წლისთვის უკვე შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მიმართულებით მონაცემების განულებას. ეს არის აბსოლუტურად რეალური. 2028 წლისთვის ეს მონაცემები უკვე მინიმუმამდე დავა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.