ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურად გასამართლების აუცილებლობა ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხად შეაფასა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა. როგორც მან განაცხადა, ამ პროცესში მთავარია არა ის, თუ რას იტყვიან უცხო ძალები, არამედ ის ვალდებულებები და დაპირებები, რომლებიც მმართველმა ძალამ ამომრჩევლებს მისცა.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობის პოლიტიკური გასამართლებისთვის სწორი დრო დამდგარია და ქართული პოლიტიკური ველი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიწმინდოს ამ დანაშაულებრივი ძალისგან.
„მთავარი ჩვენი ვალდებულება არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები ან შეხედულებები. აქცენტი ჩვენ უნდა გავაკეთოთ არა გარე ძალების მიერ შეფასებაზე, რას იტყვის ესა თუ ის ორგანიზაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, სამართლებრივი ქვეყანა ვართ. ყველა ეტაპზე ვცდილობთ, რომ ნებისმიერი თემა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ნებისმიერი აქტორისთვის, ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენთან ადამიანის უფლებები დაცულია, ყველას ექნება იმის უფლება, რომ დაიცვას საკუთარი პიროვნებაც, ორგანიზაციაც, პარტიაც ა.შ. მაგრამ ის, რომ ჩვენ ეს არავისთან უნდა შევათანხმოთ და ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ეს უნდა გახდეს მთავარი.
პრეტენზიაა, აქამდე რატომ არ გააკეთეთ ეს [ნაცმოძრაობის გასამართლება]. ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით მიზეზი, რომ სტრასბურგში მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, ჩვენი სახელმწიფოს პაექრობა რუსეთის სახელმწიფოსთან 2008 წლის ომთან დაკავშირებით და უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა ასეთ ფონზე ამ საკითხის განხილვა. ახლა ეს ყველაფერი რომ დამთავრებულია, ვალდებულებაც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ მივიყვანოთ ბოლომდე, არა იმიტომ, რომ ისინი ამის ღირსნი არიან, არამედ, ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია, რომ გაიწმინდოს ჩვენი პოლიტიკური ველი და შემოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები თუ პიროვნებები, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ არის გადასადგმელი ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა, დროც სწორად არის შერჩეული. ამიტომაც ვთხოვთ ჩვენს საზოგადოებას, რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, რა თქმა უნდა, მეცხრე არჩევნებია და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ძალა აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.