მიხეილ ყაველაშვილი: „ხალხის ძალას“ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საზოგადოებისთვის მკაფიო გახდა - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა

მიხეილ ყაველაშვილი: „ხალხის ძალას“ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საზოგადოებისთვის მკაფიო გახდა - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას და ჩვენს ოცეულს, აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი [ამ პროცესში] თავიდანვე ჩაერთო და ყველა მოქალაქეს მოუწოდა - [არჩევნებზე] ქუდზე კაცი [გამოვიდეს]“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებული პროცესების დროსაც გამოჩნდა, რადგან ყველამ კარგად დაინახა, თუ რა ძალები ებრძვის საქართველოს. 

„ის ოთხი პოსტულატი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში გამოიკვეთა, არის საქართველოს არსებული რეალობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, პირველი [საკითხი] ეხება იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებას, რომელზეც ამ სტუდიაში არაერთხელ გვისაუბრია. მე თავად ვარ იმ ადამიანების რიგებში, რომელსაც მუდმივად ჰქონდა დისკომფორტი ამ ძალასთან - „ნაცმოძრაობასთან“. გარდა იმისა, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინეს, ფაქტია, რომ ისინი ახლაც იმავეს აგრძელებენ. 

საზოგადოებისთვის ისიც ასახსნელი იყო, თუ რატომ ვერ ვახერხებდით აქამდე „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას. პრინციპში, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ყველას კარგად დაანახა, თუ რა ძალები ებრძვის საქართველოს, როგორი ზეწოლის ქვეშ არის ქვეყანა და როგორი ბრძოლა გვიწევდა [ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით]. ჩვენს გუნდშიც კი იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დამცველები და ის ფაქტი, რომ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი, პარტია უნდა გასამართლებულიყო, წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ასე რომ, მუდმივი ბრძოლა იყო გარე [თუ შიდა] ძალებთან.

„ხალხის ძალას“ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საზოგადოებისთვის მკაფიო გახდა - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და რომ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ - რა აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რა პერსპექტივები აქვს, რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკური განვითარებისთვის და ა.შ.“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.