საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთი საკითხია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც ბრიუსელში პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება.
მისი თქმით, ევროპარლამენტში უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება მისია, რომელიც საქართველოში ჩამოვა არჩევნების დასაკვირვებლად.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ არის გამოგზავნილი მოსაწვევი, რომ ევროპარლამენტის დელეგაციამ მიიღოს მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიაში. ჩვენ მოველით, რომ ეს მისია ევროპარლამენტში ფორმირდება და საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე უპასუხა „ქრონიკის“ ჟურნალისტის კითხვას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.
„მოლაპარაკებების გახსნა ეს არის ერთგვარად ტექნიკური ეტაპი და აქ ევროპარლამენტი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. თუმცა რა თქმა უნდა პოლიტიკური ამინდი და განწყობები ევროპარლამენტში იქმნება. საბოლოოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი, როდესაც ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით. რა თქმა უნდა ევროკომისიის შეფასებებიც საყურადღებო იქნება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.