როგორც იცით, არჩევნების შემდგომ ევროპარლამენტი შეუდგა მუშაობას. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ხდება ჯერ კიდევ სხვადასხვა ჯგუფების ფორმირება, მათ შორის, უნდა მოხდეს საქართველოსთან მომუშავე ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთი, რომ ვნახოთ ვის აქვს გამოკვეთილი ინტერესი საქართველოს საკითხზე მუშაობის, როგორია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის განწყობები საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის კონტექსტში და ზოგადად, როგორია გაფართოებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჯგუფებში პოზიციები.
„იცით, რომ ევროპარლამენტი ცალსახად მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, თუმცა ევროკავშირის გაფართოება კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობას და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თავად ევროკავშირის მომზადებას, სადაც უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არის განსხვავებული პოზიციები.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ახლაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრ დეპუტატთან გვქონდეს კომუნიკაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ურთიერთობების მნიშვნელობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მოლოდინები, რომ მომავალ ევროპარლამენტში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვიმუშაოთ ჩვენს კოლეგებთან და შევძლოთ უფრო მეტად დაახლოება საქართველო-ევროკავშირის პოზიციების სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.