იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიული სიის დასახელების შემდეგ სპორტსმენების მისამართით განხორციელებულ ე.წ. ბულინგზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ გააჩნია. მათ შეუძლიათ, ერთ დღეში გმირები საკუთარი წარმოდგენით აქციონ ანტიგმირებად, თუმცა, მათ ეს ნომერი არ გაუვათ. თავდასხმა ადამიანებზე, რომელთაც ამდენი ქართველი გაახარეს საკუთარი წარმატებით, რომლებიც მთელი ცხოვრება იღვწიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ააჟღერონ საქართველოს ჰიმნი და საკუთარ საქმეში საკუთარი შრომით მიაღწიეს უდიდეს წარმატებას... ადამიანებზე განახორციელო ასეთი ზეწოლა, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, თუმცა, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ მორალურ სახეზე. მაგრამ ეს ბიჭები არიან მებრძოლები და მათ ყველა მოწინააღმდეგე, როგორც საზოგადოებას მოეხსენება, დაამარცხეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგეებს ისევე ღირსეულად დაამარცხებენ, როგორც ამას ახერხებდნენ სხვადასხვა სპორტულ მოედანზე. ისინი არიან ხალხის რჩეულები და ვისაც გადაწყვეტს ხალხი, აირჩევს იმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი აირჩევს ისეთ საამაყო ხალხს, როგორიც ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები არიან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.