გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არ ჩაერიოს არავინ, შეიძლება ერთმა პარტიამაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, ვერ გადალახოს ბარიერი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო სიის მეხუთე ნომერმა.
მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთისგან, რომელმაც 16-18 სექტემბერს საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.
„ხავსის მოლოდინი. ხავსი ტყუილად არ მითქვამს. ეტყობა მომეწონა ეს სიტყვა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ გარედან [უცხოეთიდან] არანაირი მოძრაობა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა არ იყოს, ვერ მიიღებენ [ოპოზიცია] ყველა ერთად ალბათ 10 პროცენტს. გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არ ჩაერიოს არავინ, შეიძლება ერთმა პარტიამაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, ვერ გადალახოს ბარიერი. მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან „მაშველ რგოლზე“.
ქართველმა ხალხმა უნდა დაიმახსოვროს, რომ გარედან განცხადებებით და მოქმედებებით შეიძლება რეიტინგი ოდნავ აწიონ, მაგრამ ყველაზე დიდი მაშველი რგოლი უკვე ხავსად არის ქცეული. კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას მათ შორის იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჯერ პარლამენტში იყო ვითომ საქმიანი გამომეტყველებით და შემდეგ რადიკალური, აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე რაღაც ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა.
ნიკა სამხარაძე რომ გერმანიაში ჩავიდეს, შოლცის გადადგომა მოითხოვოს და რაღაც ეპითეტები უწოდოს, თან ტყუილები ილაპარაკოს, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს?! ზუსტად იგივეა. ანუ ზევიდან გვიყურებენ და პატარა ქვეყანა ვართ?! ასე არ არის. ამ ქვეყანამ გაბედა, რომ ეთქვა თავისი სათქმელი ყველასთვის. ვერავის ავუკრძალავთ რაღაცების ლაპარაკს, მისვლა-მოსვლას, მაგრამ ცოტა ყურადღებით იყვნენ, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოითხოვს მთავრობის და ხელისუფლების გადადგომას“, - აღნიშნა მდინარაძემ.