ხომ უნდა დაუშვა, რომ ლაშა ტალახაძის, გენო პეტრიაშვილის დაბულინგება შეიძლება - არ არსებობს ჩვენს გუნდში ადამიანი, რომელიც მყარი ფსიქიკის არ არის და ასეთ სისულელეებს, მდაბიო, გოიმურ, მარაზმამდე დასულ ბულინგს დაექვემდებარება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ეს სპორტსმენები არიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან სად არიან, რას ემსახურებიან და ეს არის საკუთარი სამშობლო - ამას ემსახურებოდნენ და ამ მსახურებას გააგრძელებენ.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ორი მხარე. ერთ მხარეს იყვნენ გახარებული ადამიანები, რომ მათი მხარდაჭერილი პარტია, რომელიც მათ ნდობას იმსახურებს, განახლდა იმ ადამიანებით, რომლებითაც ისედაც ამაყობდნენ. ვნახეთ დიდი ენთუზიაზმით გამოხატული თავისი ემოციები, მათ შორის სოციალურ ქსელებში. რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, მხარდამჭერს, ობიექტურად მოაზროვნე ადამიანს ძალიან გაუხარდება, რომ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჟიული შარტავას შვილიშვილი, ახალი წარმატებული სახეები და ა.შ. „ქართული ოცნების“ რიგებში ეს ბუნებრივი ამბავია. რამდენადაც ჩვენს მხარდამჭერებს და ობიექტურ ადამიანებს გაუხარდათ, იმდენად გამწარდნენ აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერები და ძირითადად მათი ლიდერები. იკადრეს უკადრებელი, მაგრამ ხომ უნდა დაუშვა, რომ ლაშა ტალახაძის, გენო პეტრიაშვილის დაბულინგება შეიძლება. ისინი მარტო ფიზიკურად კი არ არიან ძლიერები, ისინი ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძლიერები არიან და არ არსებობს ჩვენს გუნდში ადამიანი, რომელიც მყარი ფსიქიკის არ არის და ასეთ სისულელეებს, მდაბიო, გოიმურ, მარაზმამდე დასულ ბულინგს დაექვემდებარება. ჩვეულებრივი აგენტურულ-ფაშისტური ბულინგი იყო მათ მიმართ. მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომელმაც ზუსტად იციან სად არიან, რას ემსახურებიან და ეს არის საკუთარი სამშობლო -ამას ემსახურებოდნენ და ამ მსახურებას გააგრძელებენ“,- აღნიშნა მდინარაძემ.