მამუკა მდინარაძე: ასეთი წყალწაღებული და გოიმური ოპოზიცია საქართველოს ალბათ არც ჰყოლია

მამუკა მდინარაძე: ასეთი წყალწაღებული და გოიმური ოპოზიცია საქართველოს ალბათ არც ჰყოლია

მამუკა მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დებატებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო სიის მეხუთე ნომერმა აღნიშნა, რომ ასეთი „წყალწაღებული ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია“.

„ყველა თქვენი პარტიის ლიდერი კრიმინალია, ამორალური ხალხი და აგენტურა. შესაბამისად, არათუ ბატონი ბიძინას, არამედ რომელიმე პოლიტიკოსის მათთან დებატში დაჯდომა მე ვერ წარმომიდგენია. წარმოუდგენელია და უბრალოდ არავინ - არც ჩვენი სიის პირველმა ნომერმა და არც სხვა ადამიანმა თავი არ უნდა გაიყადროს და მათთან დებატებში არ უნდა დაჯდეს, თუ ეს კანონისმიერი რაღაც განსაკუთრებული ვალდებულება არ იქნება.

რატომ არ არიან თავგასაყადრებელი ადამიანები, იცით? ხავსად ქცეული მაშველი რგოლები მოგდით უცხოეთიდან, თორემ აბსოლუტურად ნულია დღეს ქართული ოპოზიცია, იმიტომ რომ აგენტი არ შეიძლება რაღაც რეიტინგს ფლობდეს. აბსოლუტური ნულია, რომ არა რაღაც დახმარებები გარედან, რომლებიც იქცა ხავსად. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის მაშველი რგოლი, მაგრამ ყველა გარედან მოწოდებული განცხადება წინასაარჩევნოდ არის ხავსად ქცეული მაშველი რგოლი, იმიტომ რომ ასეთი წყალწაღებული და გოიმური ოპოზიცია საქართველოს ალბათ არც ჰყოლია.

ასეთი სიგიჟე არ უნდა იკითხოთ - რატომ არის სიის პირველი ნომერი [ბიძინა ივანიშვილი]. იმიტომ რომ ეს საქართველოა. ეს ჩვენი ქვეყანაა და ამ ქვეყანას მართავს გუნდი, რომელსაც აქვს 60%-მდე რეიტინგი და ამ გუნდის ლიდერი და ამ შემთხვევაში სიის პირველი ნომერი არის ბატონი ბიძინა, რომელსაც ცოტა არ იყოს, სხვა დამსახურება აქვს (ყველაზე რბილად რომ ვთქვათ) ამ ქვეყნის წინაშე“, - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.