ვხედავთ, რომ კეზერაშვილი, რომელმაც ქართულ ჯარს მოჰპარა ფული, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და თუკი აქამდე ეს ყველაფერი იყო შეფასებებისა და გამოძიების დონეზე, ახლა უკვე საბანკო გადარიცხვებით დასტურდება, რომ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ უკან დგას დავით კეზერაშვილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„კეზერაშვილი გახლავთ ევროკავშირში მიღებული ადამიანი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში, იქიდან აფინანსებს რადიკალურ დღის წესრიგს საქართველოში, არის „ნაციონალურ მოძრაობის“ მთავარი ოლიგარქი, არის არასამთავრობო სექტორის დამფინანსებელი. ამაზე მეტი მტკიცება ევროპელებისთვის, რომ შუაგულ ევროკავშირში უზით ოლიგარქი, რომელიც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას ძირს უთხრის და ამას ასე არხეინად შეჰყურებენ, რა არის?! ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს: რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ხელშეწყობილი ეს ადამიანი, რაიმე პირობით ხომ არ არის ის თავისუფალი ევროკავშირის ტერიტორიაზე, ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა და მისმა წარმომადგენლობამ. ამიტომ, ევროკავშირმა, ნაცვლად მორალისტობისა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.