ძალიან მძიმეა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ ძარცვავდა პენსიონერებს მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი შეფასებით, ძალიან დიდი სიბინძურეა, როდესაც ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და შესაძლოა, ტელევიზიებიც და საარჩევნო კამპანიაც ფინანსდებოდეს.
„ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესია. ევროპაშიც მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში გამოძიება, ბევრი ადამიანია დაკავებული. თავად კეზერაშვილის დაკავება-არდაკავებას რაც შეეხება, ალბათ, რაღაც დონეზე სჭირდებათ და მას რაღაცისთვის იყენებენ, თუმცა, ვნახოთ. თვითონ საქმე ძალიან მძიმე და ცუდია იმ თვალსაზრისითაც, რომ გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა. ამაზე დიდი სიბინძურე, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, რომ ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ტელევიზიებიც და საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.