არჩილ თალაკვაძე: ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა

არჩილ თალაკვაძე: ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვინაიდან არის მთელი რიგი სერვისები, არის ინიციატივები, ისეთი პროექტები, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებლიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტურად განახორციელებენ. ამისთვის გამართლებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და სახელმწიფოსთან, საჯარო სერვისთან ერთად ყველა ის ორგანიზაცია იყოს ჩართული პროცესში, ვისაც აქვს გულწრფელი სურვილი, რომ ქვეყანას მოუტანოს მეტი პროგრესი, შექმნას ადგილზე მეტი მომსახურება, დაეხმაროს მეტ ადამიანს და ქვეყნის განვითარების საერთო პროცესში იყოს ჩართული. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მაღალი ჩართულობა, იქნება ეფექტური მონაწილეობა ამ პროგრამაში, რომელიც უკვე 2025 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. მანამდე, რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმი, თუ რა კრიტერიუმებით, როგორ მოხდება ამ გრანტების გაცემა, ეს ყველაფერი გაიწერება, იქნება გამჭვირვალე. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა და აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ემსახუროს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, ეს კიდევ მეტ და დამატებით საშუალებას მისცემს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.