წარმოდგენებში, ილუზიებში ცხოვრობენ ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებები ამ ყველაფერზე კარგად მეტყველებს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ინიციატივის საპასუხოდ, რომ პარტიებმა არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში „ქართულ ოცნებასთან“ არ ითანამშრომლონ.
როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ილუზიები ნახევრად ხუმრობით, თუმცა ეს ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ვერანაირად შეძლებენ მიუახლოვდნენ მაინც მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო მანდატების რაოდენობას.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, ყველა კვლევა ამას ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმდენად მაღალი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხისგან, რომ არათუ მთავრობის ფორმირება, არამედ, ჩვენ გვაქვს ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის დარი მანდატების რაოდენობა მივიღოთ, რასაც თავისი მიზნები აქვს, რაზეც შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ.
რაც შეეხება ამ პირების განცხადებას, ეს არის ერთდღიანი „ნიუსი“, რომ აქტუალურობა არ დაკარგონ, ვითომ რაიმეს აკეთებენ, რაღაც ქმედებებში არიან გამოხატულები და კიდევ ერთხელ, საარჩევნოდ საზოგადოება მოატყუონ.
კიდევ ერთი მარტივი ხრიკია, მარტივი ტყუილია, რომელიც რამდენიმე წუთში გამოაშკარავდება ხოლმე. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება, რომ „კრებსით ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველმა ხალხმა ანდოს საკმარისი მანდატები, რათა მთავრობის ჩამოყალიბება უზრუნველყონ, რაც არც ახლაა რეალობაში და რაც, რა თქმა უნდა, არც მომავალში იქნება. პირიქით, ქართველი ხალხი ზუსტად რომ ერთადერთ ეროვნულ ძალას, რომელიც „ქართული ოცნების“ სახით არის წარმოდგენილი პოლიტიკურ სივრცეში, უჭერს მყარად მხარს სწორედ იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როგორიც არის ეს მშვიდობიანი პოლიტიკა, ოჯახის ღირსებაზე, სარწმუნოების განმტკიცებაზე და მისი როლის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით კონსტიტუციაში ასახვაზე, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარე, თითოეული ადამიანი გრძნობს და ხვდება სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი.
პირდაპირ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ არჩევანი, რომელიც იქნება 26 ოქტომბერს, იქნება ომსა და მშვიდობას შორის, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“, როგორც აქამდე, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგაც განაგრძობს მყარი ნაბიჯებით მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ვიქნებით ჩვენ მთავარი გარანტი ამ ყველაფერში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.