ორგანიზაციები, რომლებიც კანონის შესაბამისად მოქმედებენ, ბულინგისა და მუქარის მსხვერპლები არიან - მნიშვნელოვანია, რომ ამ „ენჯეოებს“ ჰქონდეთ ალტერნატიული დაფინანსების წყარო, რომელიც სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფონდი იქნება

ორგანიზაციები, რომლებიც კანონის შესაბამისად მოქმედებენ, ბულინგისა და მუქარის მსხვერპლები არიან - მნიშვნელოვანია, რომ ამ „ენჯეოებს“ ჰქონდეთ ალტერნატიული დაფინანსების წყარო, რომელიც სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფონდი იქნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ შეაფასა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრირდებიან, აბულინგებენ და დონორები დაფინანსებას უწყვეტენ.

„ყველაზე ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ისაა, რომ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გარკვეული დონორები ცდილობენ იძალადონ გარკვეულ არასამთავროებზე, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ და მათ აიძულებენ, რომ ან უკან წაიღონ ეს რეგისტრაცია, ან პირდაპირი მნიშვნელობით ემუქრებიან, რომ შეუწყვეტენ დაფინანსებას. სწორედ ამ დროს, პრემიერის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაგრძონ საქმიანობა, ჰქონდეთ ალტერნატიული დაფინანსების წყარო, რომელიც სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფონდი იქნება. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის საქმიანობას ახორციელებენ, დაფინანსდებიან.

მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ ქილიკს, ირონიას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან თუ პოლიტიკური პარტიებისგან, რომ ამ ყველაფრით მოხდება არასამთავრობოების მოსყიდვა, რადგან სახელმწიფოსგან წამოსულ ფულს სახელმწიფოს ინტერესი მოჰყვება. თუ ეს ლოგიკა მართალია, მაშინ რატომ არ არის მართალი, რომ უცხო ქვეყნებისგან, უცხო ძალისგან დაფინანსებას აუცილებლად მოჰყვება მათი ინტერესი და შესაბამისად, ეს ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის გამტარებლები.

პრემიერმა განაცხადა, რომ პირადად მისი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კორუფციასთან ბრძოლაა, შესაბამისად რა თქმა უნდა დაფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც იმუშავებენ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ვინ, საიდან ფინანსდება, რა თანხები იხარჯება და ამ ინფორმაციის საფუძველზე გარკვეული დასკვნები გამოიტანოს. ვხედავთ, რომ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც კანონის შესაბამისად მოქმედებენ გარკვეული ბულინგის და მუქარის მსხვერპლიც კი არიან“, - განაცხადა გორდულაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა დაფუძნდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.