გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გვაქვს საშუალება, რომ დავაფინანსოთ არაერთი პროექტი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
გადაცემის წამყვანმა მას პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით ჰკითხა. კერძოდ, გასწვდება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფინანსებას. არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა მზარდია, ასევე იზრდება ბიუჯეტიც რაც სხვადასხვა პროექტების დაფინანსების საშუალებას იძლევა.
„ქართული ოცნების“ თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გავზარდოთ ეკონომიკა. ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს ბიუჯეტი. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გვაქვს საშუალება, რომ დავაფინანსოთ არაერთი პროექტი. იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, იქნება ჯანდაცვის, სოციალური საკითხების თუ მათ შორის ვიზრუნოთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მათ შორის ბულინგისა და მათ შორის მუქარის მსხვერპლი გახდნენ, რომლებსაც პირდაპირ ემუქრებიან, რომ შეგიწყვეტთ დაფინანსებასო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა დაფუძნდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.