დავით ქართველიშვილი: ევროპა აშკარა პოლიტიკურ „აჯაფსანდალს“ დაემსგავსა, სადაც თურქეთის ადგილი აღარაა, რადგან მას სჭირდება ახალი მოკავშირეები და მეტი თავისუფლება მსოფლიოში

დავით ქართველიშვილი: ევროპა აშკარა პოლიტიკურ „აჯაფსანდალს“ დაემსგავსა, სადაც თურქეთის ადგილი აღარაა, რადგან მას სჭირდება ახალი მოკავშირეები და მეტი თავისუფლება მსოფლიოში

მსოფლიოში გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არსებულ დაპირისპირების წყაროებსა და მიზეზებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ამით ის ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტის განაცხადს ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების შესახებ. ამით, როგორც ქართველიშვილი წერს, ერდოღანი ცდილობს გაზარდოს მსოფლიოში თავისი გლობალური გავლენა და ახალი კავშირების დაამყაროს დასავლელი მოკავშირეების მიღმა. 

„დასავლური პოლიტიკის თვალსაზრისით, „კოლექტიურ დასავლეთსა“ და „გლობალურ სამხრეთს“ შორის მზარდ გეოპოლიტიკურ „ბზარს“ ქმნიან: ჩინეთისა და რუსეთის „პროპაგანდა“ და ბრიუსელისა თუ ვაშინგტონის საქმეებში „უხეში ჩარევა“, ინდოეთის ტრადიციული და „ხანდაზმული“ ნეიტრალიტეტი და “მიუმხრობლობის პოლიტიკის” ხაზი, ასევე ისეთი რეგიონული ლიდერების ბრძოლა საკუთარი სუბიექტურობის გაფართოებისთვის, როგორიც არიან ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ინდონეზია, ირანი, საუდის არაბეთი OPEC/OPEC+-თან ერთად…

თუმცა, „გლობალური სამხრეთის“ მხრიდან დღეს ყველაზე „ცუდ მაგალითს“ თურქეთი იძლევა, რაც ქმნის სხვადასხვა ბლოკებში ერთდროულად მონაწილეობის შესაძლებლობის პრეცედენტს, რითაც არღვევს დასავლეთის მიერ დაწესებულ „ლიბერალური დემოკრატიების“ თამაშის წესებს “კონსერვატიული ავტოკრატიების“ წინააღმდეგ. ანკარამ ასეთი პოლიტიკის გატარება შეძლო კოლექტიური დასავლეთის წინაშე საკუთარი მზარდი მნიშვნელობის გამო და თურქეთის მიმართ ეკონომიკური იძულების მექანიზმების შესუსტების ვითარებაში. პლუს ამას დაემატა „ისტორიაში ინდივიდის როლის“ ფაქტორი – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უდავოდ იგრძნო ეს ისტორიული მომენტი, და გარკვეულწილად, დასწრებაზეც კი ითამაშა.

და ახლა, Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, NATO-ს წევრმა თურქეთმა წარადგინა ოფიციალური განაცხადი ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების შესახებ, რომელიც ცდილობს გაზარდოს მსოფლიოში თავისი გლობალური გავლენა და ახალი კავშირების დამყარება ტრადიციული დასავლური მოკავშირეების მიღმა. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციას სჯერა, რომ გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი ამჟამად სცილდება ტრადიციულ განვითარებულ ეკონომიკებს. შეიძლება ითქვას, რომ ერდოღანმა გადაწყვიტა ფსონი გააკეთოს მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ მას შემდეგ, რაც მანამდე მისი ერთადერთი პროდასავლური ვექტორი ევროინტეგრაციის გზაზე ბრიუსელის მიერ ჩიხში იქნა შეყვანილი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანკარამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურად უკიდურესად წამგებიანი სანქციების დაწესებაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ერდოღანი არ იქნებოდა ერდოღანი (და გადაიქცეოდა ერთგვარ პაშინიანად), თუ ამავე დროს, ერთი მიმართულებით სვლისას, არ გადადგამდა ნაბიჯებს სრულიად საპირისპირო მხარეს: როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, თურქეთი პარალელურად ცდილობს განაახლოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ამავდროულად ერდოღანი ასევე აჩვენებს დასავლელ მოკავშირეებს, რომ BRICS-იც კი შეიძლება არ იყოს მისი საბოლოო გეოპოლიტიკური გაჩერება – 3 კვირის წინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარას გააჩნია განზრახვა გააუმჯობესოს თავისი კავშირები “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“, თუმცა იქვე (ერთგვარი განსაკუთრებული ცინიზმით) ხაზი გაუსვა თურქეთის ლოიალურობას და ერთგულებას NATO-ს მიმართ. გარდა ამისა, აგვისტოს ბოლოს თურქეთმა დააანონსა ახალი გაზსადენის მშენებლობა, რომელსაც პირობითად „თურქული ნაკადი-2“ უწოდა. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ავტორიტეტული გამოცემა Politico ციტირებს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრს ალფარსლან ბაირაქტარს, რომ ახალი მილსადენი შესაძლებელს გახდის 7-8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ბულგარეთისა და ცენტრალური ევროპის გავლით ახალი ბრენდის სახელწოდებით „თურქიშ მიქსი“, ე.ი. – გაზის ნარევი სხვადასხვა წყაროდან, სადაც რუსული გაზი ოფიციალურად შეადგენს დაახლოებით 40%-ს. თუმცა, Politico ხაზს უსვამს, რომ რეალური ოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს, თუ „გაზპრომი“ და თურქული მონოპოლისტი BOTAS-ი 2023 წელს თურქეთში დაგეგმილ გაზის „ჰაბს“ განახორციელებენ, სადაც რეალურად რუსული გაზი შევა, ხოლო იქიდან კი უკვე „თურქული“ გაზი გამოვა“ - წერს დავით ქართველიშვილი.

თურქეთის ნაბიჯებს გლობალურ პროცესებში ექსპერტი საჭადრაკო სვლას ადარებს და განმარტავს, თუ რაში მდგომარეობს ჩანაფიქრი. „და მაინც, რა არის ამ თურქული გამბიტის მთავარი „ხრიკი“. პირველ რიგში, ეს არის ღრმა გლობალური კრიზისის მაჩვენებელი. კერძოდ ამერიკაზე ორიენტირებული სამყაროს კრიზისი, რამაც გასულ წელს BRICS-ის გაფართოება და რეფორმირება გამოიწვია დასავლეთის ალტერნატიული ალიანსის პროტოტიპად. დიახ, ჯერჯერობით ეს პროექტი „ცარიელია“, მაგრამ ამავდროულად შორს არის ნულოვანი წერტილიდან. ეს სიცარიელე შეიძლება სწრაფად შეივსოს ისტორიული მნიშვნელობის შინაარსით ნებისმიერ მომენტში. თუნდაც ამ შემოდგომაზე. აშკარად რაღაც სერიოზული მწიფდება. და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გადაწყვეტილება, როგორიც თურქეთია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ეთამაშა დასავლეთის მხარეს, როგორც NATO-ს წევრი – არის ძველი ევროცენტრული სამყაროს დაშლის სწრაფი დაჩქარების ნიშანი.

მეორე – ეს არის ერდოღანის თურქეთის, ევრაზიისთვის საკვანძო სახელმწიფოს მზადყოფნის მაჩვენებელი პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპიდან აზიაში გადანაცვლებისთვის. და ეს სერიოზული დარტყმაა ევროპისთვის, რომელიც რუსეთის შემდეგ კარგავს აზიისკენ მიმავალ თავის მეორე კარიბჭეს. ეს რეალურად არის ულტიმატუმი ევროკავშირისადმი, რომელიც ათწლეულების მანძილზე დასცინის თურქეთს. მზად არიან ბრიუსელი და ვაშინგტონი კარდინალურად შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა თურქეთის მიმართ ამ საფრთხის გათვალისწინებით? ძნელი წარმოსადგენია. ურთიერთობების ასეთი „გადატვირთვისთვის“ პოლიტიკური ნება არ არსებობს, განსაკუთრებით ბრიუსელისა და ვაშინგტონის არსებული ლიდერების პირობებში. და ეს ძალიან კარგად ესმის ერდოღანს. ასე რომ, ევროკავშირის მისი „დატესტვა“ და BRICS-კენ გადადგმული ნაბიჯი საკმაოდ სერიოზულია.

მესამე – ეს არის ერდოღანის განაცხადი, რათა საკუთარი თამაში ითამაშოს მსოფლიო პოლიტიკაში. თურქეთი უერთდება BRICS-ს არა იმისთვის, რომ ჩინეთის ქვეშ მოექცეს, არამედ BRICS-ის საბანი გარკვეულწილად თავის თავზე გადაწიოს (ბაქოსა და მოსკოვის მხარდაჭერით). როგორი რეაქცია ექნება ამაზე პეკინს? ერდოღანზე უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაწელვა ან გადადება ჩინეთს შეუძლია.

მეოთხე – ეს არის ახალი გეოპოლიტიკური განლაგების მკვეთრი გართულება და BRICS-ის, როგორც გლობალური პოლიტიკური ვაჭრობის პლატფორმის როლის შემდგომი ზრდა, რომელიც თურქეთის გარეშეც კი ისედაც სწრაფად იზრდება. ამიტომ შემოვაგდოთ კიდევ ერთი, „კონსპიროლოგიური“ ვერსია: ხომ არ შეასრულებს თურქეთი BRICS-ში შეყვანილი „ტროას ცხენის“ როლს? ვის მიერ? რა თქმა უნდა – ლონდონის, რომლის ზეგავლენა თურქეთის პოლიტიკაზე თვალში ნურავის ეპატარავება.

ასეა თუ ისე, ერდოღანმა თავისი გადაწყვეტილებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სილა გააწნა და NATO-ს შენელებული მოქმედების ბომბი ჩაუდო. გადამწყვეტი გლობალური მოვლენების წინ, ევროპა აშკარა პოლიტიკურ „აჯაფსანდალს“ დაემსგავსა, შვეიცარიაც კი მზად არის დაკარგოს თავისი ნეიტრალიტეტი გაუგებარი პერსპექტივების სანაცვლოდ. და როგორც ჩანს, ამ შეშლილ ევროპულ გროვაში თურქეთის ადგილი აღარაა.

თურქეთს სჭირდება ახალი მოკავშირეები და მეტი თავისუფლება მსოფლიოში. ერდოღანის “აქციები“ ახლა პიკურ მდგომარეობაშია, ის „გლობალური სამხრეთის“ მიერ წარმოებული დიდი თამაშის მაგიდასთან ზის და კარგ გარიგებასაც იმედოვნებს. ხოლო, პარალელურად, დასავლეთთან აგრძელებს ჭადრაკის თამაშს. ისტორიული დროის დინება მისთვის აშკარად დაჩქარებულია. არ დაგვავიწყდეს, რომ მასთან ერთად ამ „ნავში“ აზერბაიჯანიც ჯდება. ორგანიზაციის გაფართოების საკითხი დიდი ალბათობით უკვე 22-24 ოქტომბერს ყაზანში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე იქნება განხილული“, - წერს დავით ქართველიშვილი.