არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვაა, როგორ შეიძლება, ორგანიზაციამ, რომელიც საბიუჯეტო ხარჯვას და კორუფციას აკონტროლებს, მთავრობის ფული მიიღოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა.
„ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დაიკარგება, რომელიც ხმარდებოდა სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, ფერმერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ეს ყველაფერი უცხოეთიდან მოდიოდა და სამუშაო ადგილები იქმნებოდა. ახლა თურმე ამ ორგანიზაციებს ბიუჯეტი დააფინანსებს. ეს სამთავრობო ორგანიზაცია იქნება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხელისუფლების მორჩილი უნდა იყვნენ. როგორ შეიძლება, ორგანიზაცია, რომელიც საბიუჯეტო ხარჯვას და კორუფციას აკონტროლებს, მათ მთავრობის ფული მიიღონ და კრიტიკული საქმიანობა გააგრძელონ. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვა მოქალაქეების ფულით. უცხოეთიდან ასეულობით მილიონი არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებია, არამედ ის, რაც ბიზნესს ემსახურებოდა და შეღავათიანი კრედიტები იყო. ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა, რაც უკვე ეკონომიკურ მხარეზეც აისახება, როცა პარტნიორების მხრიდან დახმარებები შეწყდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნებენ საგრანტო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.