პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
დავით ქართველიშვილის წერს, რომ ივლისში შეხვდა NGO სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ და მათი მხრიდან გამოითქვა საკითხი, მთავრობას ჩაენაცვლებინა საერთაშორისო დონორები.
ექსპერტი წერს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ორი თვის თავზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა სპეციალური სამთავრობო საგრანტო ფონდის შექმნა.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მოლოდინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მყარდება.
„ივლისის დასაწყისი იყო. "პოს ტვ"-ს სტუდიიდან მე და თამარ ჩიბურდანიძე გავემგზავრეთ საზოგადოებაში ცნობილ და ავტორიტეტულ ექსპერტებთან შეხვედრაზე. საუბარი შეეხო "გამჭვირვალობის კანონს". ჩვენი მასპინძლები სწორედ იმ კეთილსინდისიერი ენჯეო-სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც იმ 450-ზე მეტი ორგანიზაციის რიგებს წარმოადგენდნენ, ვინც იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდა.
ექსპერტებმა წამოწიეს საკითხი, რომ კარგი იქნებოდა, თუ მთელი რიგი მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებში, მთავრობა ჩაანაცვლებდა საერთაშორისო დონორებს. გავიდა ორი თვე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა სპეციალური სამთავრობო-საგრანტო ფონდის შექმნა, რომელიც დააფინანსებს კომისიური წესით შერჩეულ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
დღე არ გადის, ხელისუფლებამ მორიგი "ტოპკა" არ დაურტყას გარე და შიდა მავნებლებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს აგებენ ცილისწამებაზე, სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე, გაუმჭვირვალობაზე, თავის აგენტოკრატების განწირულ ბოდვებზე - ანუ, ყველაფერზე, რეალობისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გარდა. ჩემი ყოველკვირეული მოლოდინი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით, დღითი დღე უფრო დამაჯერებლად მყარდება...“- წერს დავით ქართველიშვილი.