პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი კობახიძის მიერ მისი მცხეთა-მთიანეთის დელეგატად წარდგენას ეხმიანება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ და საზოგადოებას ნდობისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„არჩევანიც საზოგადოების მხრიდან მშვიდობის და განვითარების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ამის გარანტი კი მხოლოდ "ქართული ოცნებაა". ნებისმიერი სხვა არჩევანი რისკის ზონაა.“- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებით, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობაა, თუმცა ამ პოზიტიურ დინამიკას შენარჩუნება სჭირდება.
როგორც დეპუტატი განმარტავს, მცხეთა-მთიანეთის დელეგატობა მას საშუალებას მისცემს საკუთარი გამოცდილება მთლიან რეგიონს მოახმაროს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრაზე კი უკვე კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება მოხდება.
„მადლობა "ქართული ოცნების" გუნდს მორიგი ნდობისთვის და საზოგადოებას აქამდე, არაერთგზის, გაწეული თანადგომისთვის.
2012 წლის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკაში ყოფნით, გუნდთან ერთად, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, მიუხედავად ამისა პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა და მეტია გასაკეთებელი.
“ქართული ოცნების” გუნდის დამსახურებით ქვეყნის წინსვლაც სახეზეა, სტაბილურობაც და მშვიდობაც, თუმცა ამ პოზიტიურ დინამიკას შენარჩუნება სჭირდება და ყურადღების მოდუნება ხიფათს ვერ აგვარიდებს.
აქამდე ჩემი უშუალო საზრუნავი მცხეთის მუნიციპალიტეტი იყო, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც შეუმჩნეველი ვერავის დარჩება, თუმცა კიდევ უფრო მეტის გაკეთება უკვე დაგეგმილია, რასაც მოსახლეობა მალე თავად იხილავს.
მცხეთა-მთიანეთის დელეგატობა, გამარჯვების შემთხვევაში, მომცემს საშუალებას, მთლიან რეგიონს მოვახმარო ჩემი მონდომება და გამოცდილება. კონკრეტულ საკითხებზე თავად ხალხთან შევთანხმდებით საარჩევნო კამპანიის დროს, შეხვედრებზე.
რეალური შესაძლებლობები ბოლომდე უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. არჩევანიც საზოგადოების მხრიდან მშვიდობის და განვითარების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ამის გარანტი კი მხოლოდ "ქართული ოცნებაა". ნებისმიერი სხვა არჩევანი რისკის ზონაა,“- წერს დიმიტრი ხუნდაძე.