„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უნდა ეცადოს, მათ პერიოდში მომხდარი აგრესია და ოკუპაცია დღევანდელ ხელისუფლებას გადმოაბრალოს, ამით არაფერი გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან განაცხადა.
„გვაქვს კონკრეტული მოცემულობა – რუსეთმა წინა ხელისუფლების დროს მოახერხა ძალიან სამწუხარო და უმძიმესი ფაქტი, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ესაა რეალობა. შემდგომში ამ რეალობის „სამართლებრივი“ დადასტურება მოახდინა იმდროინდელმა ხელისუფლებამ, როდესაც მათ ტალიავინის კომისიის მიერ გამოტანილ დასკვნასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციასაც მოაწერეს ხელი. ეს არის ის ორი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლებსაც ემყარება 2008 წლის ომის შეფასება. ორივე ეს სამართლებრივი იურიდიული დოკუმენტი არის საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ მიღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. დოკუმენტებში ლაპარაკია იმაზე, რომ ქართულმა ჯარმა დაიწყო დაბომბვა და რუსეთი იძულებული გახდა, გამოეყენებინა შესაბამისი ძალა. აქედან გამომდინარე, ხან რუსეთმა, ხან რადიკალურმა ოპოზიციამ რაც უნდა ილაპარაკოს, მშრალი ფაქტი მშრალ ფაქტად რჩება.
„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უნდა ეცადოს, მათ პერიოდში მომხდარი ეს საშინელი აგრესია და ოკუპაცია დღევანდელ ხელისუფლებას გადმოაბრალოს, ამით არაფერი გამოვა. ქურდს ქუდი ეწვისო, ნათქვამია. მათი ერთადერთი მიზანია, ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა, „ქართული ოცნების“ ბრალია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.