ქართველი ხალხის ამ ზეიმს, რასაც ეს დღეებია აღვნიშნავთ, ვერაფერი გააფუჭებს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების მიზანი იყო, რომ ამ ზეიმში რაღაცა ხინჯი შეეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მთელი ერი, ყველა ზეიმობს ამ გამარჯვებას და გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები. მათ შორის უმაღლეს ჯილდოებზე წარდგენით ვეცადეთ, ოლიმპიელების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება გვეჩვენებინა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებთან დაკავშირებულ დღევანდელ ღონისძიებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოლიმპიელების ასე სწრაფად დაჯილდოება არ შეიძლება, რადგან ოლიმპიელების წარმატებები ყველამ ერთად უნდა იზეიმოს და სახალხო ზეიმის მოწყობას აპირებს.