კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არის რაღაც პატარა თამაშები, რის გამოც საქართველოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს და თუ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც ასეთი თამაშები იქნება, 2024 წლის ნაცვლად მოლაპარაკებებს მომავალ წელს მივიღებთ.
„რეალურად, თუკი რომელიმე ქვეყანა უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში არის სხვა მდგომარეობა, მოლდოვაში არის სხვა მდგომარეობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატია, კორუფცია და ა.შ. ყველა თვალსაზრისით ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო მეტად შორდება ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს, რეალურად, თვისებრივი დაახლოების პროცესი. შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
ეს გამოიხატება, მაგალითად, ეკონომიკურად იმაში, რომ იგივე ამ სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 9 მილიარდით გავასწარით მოლდოვას ჩვენი ეკონომიკით და თქვენ იცით, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის, მათ შორის, გამჭვირვალობა, რომელიც არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულება, რომელიც დაინერგა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს მუდმივი პროგრესი ყველა თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად დაფასდება. არის რაღაც პატარა თამაშები, ამ თამაშების გამო თქვენ იცით, რომ ჩვენ 2022 წელს არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ ეს სტატუსი. აქაც თუ ასეთი თამაშები იქნება, წელს არა, მომავალ წელს მივიღებთ მოლაპარაკებებს, რაც არ არის პრინციპული გამომდინარე იქიდან, რომ იგივე კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება მოლაპარაკებების გახსნა როგორც საკითხი და როგორც თემა.
აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას აქ დიდი რისკები არ აქვს. საბოლოო ჯამში აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.