ღონისძიების საჯაროობას, ასეთ რამესაც განვიხილავთ ჩვენ. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ არის აგვისტო, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული და ასეთ დროს შეიძლება ის მუხტი ვერ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტმა პრემიერს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ჰკითხა, რომ ოლიმპიელების გამარჯვება არის სახალხო და მათი დაჯილდოება უნდა მოხდეს სახალხოდ და არა სადმე ჩაკეტილ სივრცეში, ხალხის შიშის გამო, რას ნიშნავს, როდესაც პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ეშინია ხალხის და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს ღონისძიება ჩაკეტილ სივრცეში უნდა ყოფილიყო. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, ხომ არ მოხდა ეს იმის გამო, რომ ფეხბურთელები როდესაც დააჯილდოეს ხელისუფლების წევრებმა და პირადად პრემიერი გამოჩნდა სცენაზე, ხალხი სტვენით შეხვდა მის გამოჩენას და ამის გამო ხომ არ გადაწყდა, რომ ხალხთან ერთად აღარ უნდა მოხდეს მათი დაჯილდოება.
„რაც შეეხება მაშინდელ ღონისძიებას, ზუსტად 250 აქტივისტი ჰყავდა მობილიზებული „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებმაც თავი მოიჭრეს. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ტრადიციულად ტარდებოდა ხოლმე ასეთ რეჟიმში, რაც დღეს არის დაგეგმილი. რაც შეეხება ღონისძიების საჯაროობას, ასეთ რამესაც განვიხილავთ ჩვენ. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ არის აგვისტო, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული და ასეთ დროს შეიძლება ის მუხტი ვერ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნით. ეს [დღევანდელი] ღონისძიება არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში. იმ [ზურაბიშვილის] განცხადებებს აღარ გამოვეხმაურები, კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ხალხის მგონი სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და საბოლოო ჯამში, ის ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. ის დიდი ხანი არ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი და მოუწევს თვალი თვალში გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში მანაც პასუხი უნდა აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სჩადის“, - აღნიშნა კობახიძემ.