ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის რეჟიმის დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული, როგორც საქართველოს სახელმწიფო დანაშაული. პირიქით, მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის რეჟიმის დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული, როგორც საქართველოს სახელმწიფო დანაშაული. პირიქით, მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

სააკაშვილის რეჟიმის დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული, როგორც საქართველოს სახელმწიფო დანაშაული. პირიქით, მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხისგების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ აღიარებული აქვს, რომ „2008 წლის ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად დოკუმენტს ხელი მოაწერა“.

„ნაცმოძრაობას“ ჰყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის მთელი კამპანია წარმართა იმაზე საუბრით, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. „ნაცმოძრაობა“ და მისი პრეზიდენტი აღიარებენ, რომ 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. რა თქმა უნდა, იგივე პოზიცია აქვს რუსეთის ხელისუფლებასაც. ჩვენთვის ეს ხომ არ არის მთავარი, ვის რა პოზიცია აქვს - ჩვენთვის მთავარია, რომ ღალატი არ დარჩეს დაუსჯელი. ჩვენთვის მთავარია, გამოვიძიოთ და ვინც ჩაიდინა ღალატი, იმ შესაბამის პოლიტიკურ ძალას შეეფარდოს სათანადო სასჯელი. ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი, რათა მომავალში ასეთი ღალატის ჩადენა აზრად არავინ გაივლოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს ადამიანები იმოქმედებდნენ, როგორც უცხოური აგენტურა. შესაბამისად, ისინი გამოხატავდნენ არა საქართველოს ინტერესებს, არამედ სხვა ძალების ინტერესებს. მათ ჩაიდინეს ღალატი საკუთარი ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათი დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული როგორც საქართველოს სახელმწიფო დანაშაული. პირიქით, მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით აღნიშნულია: „კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია, დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.“