ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე, იმ ღალატის შესახებ რომელიც 2008 წელს ჩაიდინეს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ ჩვენი ქვეყანა ომში ჩაითრიონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„არის ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც ალბათ ასევე სჭირდება გამოძიება: ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას სისხლის სამართლის კოდექსიდან და ომის დასრულებიდან მალევე მიიღეს ეს კანონი. იმდენად ეშინოდათ საკუთარი ჩადენილი დანაშაულის, რომ ღალატის შესახებ ჩანაწერი ამოიღეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ისე კონსტიტუციიდანაც. ეს დეტალები აუცილებლად გამოსაძიებელია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სწორედ სამართლებრივად უნდა აგოს.