მიხაილო პოდოლიაკი: დასავლეთმა უკრაინის კურსკზე თავდასხმის გეგმა იცოდა

მიხაილო პოდოლიაკი: დასავლეთმა უკრაინის კურსკზე თავდასხმის გეგმა იცოდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთის კურსკზე თავდასხმის გეგმის შესახებ იცოდნენ.

„არსებობს რაღაც, რაც მოულოდნელობის ეფექტის გათვალისწინებით არის გასაკეთებელი, ეს ადგილობრივ, დახურულ დონეზე ხდება, თუმცა ჩვენ ჩვენი პარტნიორების სამხედრო ძალებთან დისკუსიებს ვაწარმოებდით, მაგრამ არა საჯაროდ“, - თქვა პოდოლიაკმა.

ამის მიუხედავად, გამოცემის მტკიცებით, უკრაინასა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოება მაინც არსებობს. ამის ნათელი მაგალითია შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე.

პოდოლიაკი, რომელმაც თავის დროზე დიდ ბრიტანეთში კირ სტარმერის „ლეიბორისტული“ პარტიის გამარჯვებას და მის პრემიერად დანიშვნას „ძალიან პოზიტიური“ ამბავი უწოდა, ახლა ამბობს, რომ უკრაინა ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ დღემდე მას Storm Shadow ტიპის ბრიტანული რაკეტების გამოყენების უფლება რუსეთის ტერიტორიაზე არ აქვს.