მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს ნდობისათვის, კიდეც ვამბობდით, რომ ასეთი მასშტაბის ნდობა გვაქვს, ვიმედოვნებ, ეს მოიმატებს წინასაარჩევნოდ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ GORBI-ს კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, GORBI-ს კვლევები, როგორც წესი, ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან.
„განსხვავებით ოპოზიციური ტელევიზიების მიერ დაკვეთილი ამ ტიპის კვლევებისგან, ისევე როგორც რადიკალების პარტიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, GORBI ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან. მათ განაცხადეს, რომ პლუს-მინუს ცდომილების სამ პროცენტზეა საუბარი. ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის კარგი შედეგი. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს ნდობისთვის. კიდეც ვამბობდით, რომ ასეთი ტიპის, ასეთი მასშტაბის ნდობა გვაქვს. მე ვიმედოვნებ, რომ ეს მოიმატებს წინასაარჩევნოდ, რადგან შევალთ დებატებში, ძალიან ბევრი რამ გამოირკვევა, ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ამ ადამიანების ეს მყიფე რეიტინგი, დარწმუნებული ვარ, დაიწევს და ძალიან ბევრ მათგანს გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, იმიტომ, რომ ჯერ ხალხს არ აქვს გაანალიზებული. ეჭვი მაქვს, რომ ეს კვლევა იყო მანამდე, ვიდრე ეს გაურკვეველი, უშინაარსო გაერთიანებები შედგა. ადამიანები იმსჯელებენ, დაასკვნიან, რომ არ შეიძლება, ხმა მისცე აჯაფსანდალს ან, როგორც ამას წინათ მოგახსენეთ, ჰელოუინს, ერთად შეკრებილ პუბლიკას, რომელიც მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს და ვერანაირ მომავლის იმედს ვერ უქმნის. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩეველთან გულწრფელი წარდგომის შედეგად, ჩვენი პროგრამის პრეზენტაციის, სიის პრეზენტაციის შემდგომ აიწევს, ხოლო ამ ადამიანების ყველა რესურსი ამოწურულია, ვფიქრობ, მილევად რეჟიმშია და, შესაბამისად, შედეგებიც არ დააყოვნებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.