ბექა ოდიშარია ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე - ხუმრობით ვეტყოდი, მხარი ხომ არ ეცვალათ შემთხვევით? - ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი საქციელი
ხუმრობით ვეტყოდი, მხარი ხომ არ ეცვალათ შემთხვევით? - ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი - თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ოდიშარიას თქმით, მან არ იცის, რა მიზნები აქვს ჰელსინკის კომისიას, როდესაც „მსგავს მტკნარ ტყუილებს ტირაჟირებს“.
„ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც დაკავშირებულია „ქოლცენტრებთან“. ალბათ, კარგად გახსოვთ ჩვენი აქტიური მოქმედებები, გერმანიის პროკურატურასთან ერთად გამოვლენილი დანაშაულები და დამნაშავეები; კეზერაშვილზე მომზადებული „ბიბისის“ ფილმი. „ბიბისი“ არ გახლავთ „ტვ პირველი“, „მთავარი“ ან „ფორმულა“. ეს არის უდიდესი სანდოობის მქონე მედია პლატფორმა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და ხაზგასასმელია, გერმანელ პროკურორებთან ერთად, პარალელურად აწარმოეს ეს გამოძიება და პირდაპირ ხელი დაადეს და მისტერ “ოფშორი” უწოდეს [დავით კეზერაშვილს]“, - განაცხადა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ჰელსინკის კომისიის განცხადება „წარმოუდგენლად უსამართლოა“.
ამასთან, როგორც ბექა ოდიშარიამ ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, მიზანი ნათელია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
„არ ვიცი ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არ ქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვს და მეორეც და უბრალოდ, სულ სხვა მიზანი აქვთ. “მიზანი” ერთია და ნათელი, საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ხელის ბიჭების და გოგოების ხროვა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს გარედან ბრძანებულს”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის,ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.