ჰელსინკის კომისიის განცხადება არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა.
ცისკარიშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.
„აშშ-ის ევროპასთან თანამშრომლობის და უსაფრთხოების კომისიამ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჰელსინკის კომისია, სადაც შედიან კონგრესის და აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლები, გუშინ გააკეთა ოფიციალური განცხადდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლ-ცენტრების ქსელის მეშვეობით, ჩართულია საერთაშორისო დანაშაულში, ძარცვავს უცხოეთის მოქალაქეებს და ამ შავ კრიმინალურ ფულს იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის და საქართველოში დემოკრატიის გასანადგურებლად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.
მეგობრებო, თქვენ მოისმენთ ბევრ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სანქციების წინა განცხადება, რომ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს - ეს ყველაფერი სწორია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება. ამის გარდა, კიდევ რა დასკვნა უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ: ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმის ნიშნად, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნება“ საერთაშორისო წითელი ხაზები გადაკვეთა, რასაც არავინ აპატიებს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ „ოცნების“ აფიორა, რომ თითქოს თუ ისინი არჩევნებზე გაიმარჯვებენ, შემდეგ მოახერხებენ დასავლეთთან ურთიერთობას „დალაგებას“, ეს არის დიდი აფიორა და ტყუილი. არავინ არ უნდა დაიჯეროს ეს, რადგან ამ მთავრობამ არაერთხელ გადაკვეთა პოლიტიკური წითელი ხაზები, დაამყარა ავტოკრატია, ქვეყანა ჩაერთო კორუფციაში, გააღარიბა, ახლა უკვე მათ გადაკვეთეს საერთაშორისო წითელი ხაზები და ამ დანაშაულს მათ ნამდვილად არავინ არ აპატიებს“,- აღნიშნა მან.
ცისკარიშვილის თქმით, კიდევ ერთი დასკვნა, რაც ჰელსინკის კომისიის განცხადებიდან შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ რასაც წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ოპოზიციას აბრალებდა, აღმოჩნდა, რომ თვითონ ყოფილა ამ საქმიანობაში ჩაფლული.
„ამ ხელისუფლების პირობებში არა თუ დასავლეთისკენ ვერ წავალთ, ის ურთიერთობა, რაც აქამდე იყო, იმასაც ვერ შევინარჩუნებთ და სიტუაცია, სამწუხაროდ, გაუარესდება. ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენი ერთიანობით უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, ეს მართლაც იქნება ხალხის და დემოკრატიის ბოლო გაბრძოლება საქართველოში“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის,ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.