თუ ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ალეკო ელისაშვილი გამსვლელ სიაში ჩასვან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა. მას ამ საკითხზე დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.
ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო გეგმას, რომელსაც „ილიას გზა“ უწოდეს.
„მამული, ენა, სარწმუნოება - სამი საუნჯე, რომელზეც ილიას მთავარი აქცენტი ჰქონდა გაკეთებული, მათი ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა სიტყვა ერთობით შეცვალეს. სიტყვა ერთობა ცალკე ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც სარწმუნოებას ამით ანაცვლებ, მერე ილიას გზაზე არ უნდა ილაპარაკო, მარტივი ჭეშმარიტებაა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
კოალიცია ძლიერმა საქართველომ საარჩევნო გეგმა "ილიას გზა" წარადგინა. კოალიციაში შედიან: „ლელო“ ანა დოლიძის პარტია და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“.