მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს, რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების დოლარისა და ევრო კუპიურები შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზოგი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა სანქციებისთვის, რომლებიც ნაღდი ფულის იმპორტს კრძალავენ, გვერდის ავლა შეძლო. ივარაუდება, რომ დოლარი და ევრო ვაჭრობისა და მოგზაურობისთვის სასარგებლო ინსტრუმენტად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მყარ ვალუტაზე მისი დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
რუსეთისთვის ვალუტის მიწოდებას თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ცდილობენ. ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც რუსეთთან ვაჭრობა არ შეწყვიტეს.
გასული წლის დეკემბერში აშშ-ის მთავრობა იმ კომპანიებს დაემუქრა, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარებოდნენ და რიგი მათგანი დაასანქცირა კიდეც.
როგორც გამოცემას კომპანია Astra Asset Management-ის საინვესტიციო განყოფილების უფროსი დიმიტრი პოლევოი უყვება, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას საზღვარგარეთ მოგზაურობისას კვლავ სურს თან ჰქონდეს უცხოური ვალუტა. „კერძო პირებისთვის დოლარი კვლავ მყარ ვალუტად რჩება“, - თქვა მან.