უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეილო 500 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
გამოძიების თანახმად, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ლვოვ-ვოლინის სახელმწიფო საწარმოს დონეცკის ოლქში ფრონტისპირა ზოლში მდებარე ნახშირის მაღაროს აღჭურვილობის გადაცემას დაჰპირდა.
სანაცვლოდ მან ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება უნიკალურ და დეფიციტურ აღჭურვილობას.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი მარტო არ მოქმედებდა. მას სამი თანამზრახველი ჰყავდა. ერთი იყო კერძო ენერგოთრეიდერი, მეორე - მიკოლაევის ოლქში ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელი და მესამე - დონეცკის ოლქში ერთ-ერთი მომპოვებელი საწარმოს ხელმძღვანელი.