მათ ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ უნდოდათ, რომ ეს ფული [მილიარდ ნახევარი] მიეღოთ ბიუჯეტიდან და ბიუჯეტის ხარჯზე და ხალხის ხარჯზე შეევსოთ საკუთარი ჯიბეები, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოს წაგებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს თაღლითებთან, რომლებმაც ჯერ თაღლითობით საქართველოში გეგმები შეიმუშავეს და 17 მილიონი „თიბისი ბანკიდან“ ფაქტობრივად გააქრეს. მერე ვითომ შემთხვევით აღმოჩნდა, რომ მათ მეგობარს ფული ჰქონდა, რომელიც შემთხვევით ასესხა და მერე შემთხვევით უიმედო ვალებით ჩამოეწერათ. ეს თაღლითური სქემებია, რომელიც სასამართლომ დაადასტურა.
მეორე თაღლითობა იყო ის, რომ მათ ყალბი საფუძვლით უჩივლეს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხისგან ითხოვდნენ მილიარდ ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს. ქართველი ხალხის ჯიბიდან უნდოდათ ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და ამ [„ლელოს“] თაღლითურ გაერთიანებას, რომელიც დღეს პარტიის სახით არის წარმოდგენილი. ასე რომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც დადასტურდა მათი თაღლითობა, ცრუ საფუძვლით ბიუჯეტიდან ფულის მოთხოვნა და გაირკვა საბოლოო ჯამში პოლიტიკა რისთვის უნდათ. მათ ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ უნდოდათ, რომ ეს ფული მიეღოთ ბიუჯეტიდან და ბიუჯეტის ხარჯზე და ხალხის ხარჯზე შეევსოთ საკუთარი ჯიბეები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.