მადამ სალომე უსამშობლობის ტიპური ნიმუში გამოდგა და ღამურასავით ცხოვრობს. გამოდის, რომ ევროპაში ემიგრანტების შთამომავალი ისტორიულ სამშობლოში რეზიდენტად ჩამოვიდა და ასრულებს დასავლეთის იმ ფრთის დაკვეთებს, რომლებიც "ნაცებს" ლობირებენ, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი, ქართველი ხალხისთვის გაშიფრული უცხო ქვეყნის აგენტია, რომელიც საქართველოს გასანადგურებლად იმეტებს და მშვიდად უყურებს, ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფის მცდელობას, თავად კი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამუშავებენ.
"მადამ მიუნჰაუზენი
პოლიტიკაზე ამბობენ, ბინძური საქმეა და ამიტომ რადგან პოლიტიკოსები ამ სიბინძურეში ტრიალებენ, ისინიც ყველაფრის მკადრებლები არიანო, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე. როგორც ექიმი, მსახიობი, ხელოსანი, სპორტსმენი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს წესიერიც და ნაძირალაც, ასე არიან პოლიტიკოსებიც. თუმცა, ამ პროფესიაშიც არიან განსაკუთრებულად „დამსახურებული“ ნაძირალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავარია როდესაც რა გჭირდება, ის ილაპარაკო, თუნდაც შავზე თეთრი და თეთრზე შავი ამტკიცო, რადგან მათი გაგებით მიზანი ამართლებს საშუალებას და ყველა სხვა ლამაზი ლოზუნგი თუ პრინციპი სწორედ შენს მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
ამ მხრივ გამორჩეული "პოლიტიკოსია" მადამ პრეზიდენტად წოდებული ჩვენი ფრანცუჟენკა სალომე. მან იმდენჯერ შეიცვალა ქამელეონივით ფერი და პოზიცია, რომ სათვალავი აგვერია.
საქართველოში საფრანგეთის ელჩად მოვლენილს თავიდან დიდი იმედებით შეხვდა ჩვენი საზოგადოება. სააკაშვილის მიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილს ხომ აქებდა და ადიდებდა, მაგრამ თან „დიდი დიპლომატის“, ლავროვის უნარების მაქებარ-მადიდებელიც იყო.
მალევე გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოების წარმოდგენით ფრანგულ ელიტარულ არისტოკრატიას ზიარებული ეს ვითომ ბანოვანი ქალბატონი მხოლოდ პირადი ამბიციებით შეპყრობილი, გოიმური მისწრაფებებით გამორჩეული სოფლის ორღობის დედაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი სამინისტრო პროფესიონალი კადრებისგან დაცალა და თავისი კეკელკა დაქალებით გაავსო. აღარაფერს ვამბობ აშკარა არაპროფესიონალურ გამოსვლებსა თუ ნაბიჯებზე, თუმცა, მალევე მიითვისა სხვების დამსახურება და გვიმტკიცებდა, რუსის ჯარი მე გავიყვანო საქართველოდანო.
როდესაც ხელისუფლებიდან გამოაბუნძულეს, ოპოზიციის ლიდერობის პრეტენზია გაუჩნდა, თუმცა, იქაც მალე დაინახა ხალხმა უდიდესი განსხვავება და შეუსაბამობა მის ამბიციებსა და შესაძლებლობებს შორის და მალე ოპოზიციურ ფლანგზე ჩრდილში გადანაცვლებულმა საერთოდ პოლიტიკისგან გარიდება არჩია.
ახალ ხელისუფლებასთან ყველა მხრიდან მიკედლების სალომესეული გზა და მეთოდები წარმატებული აღმოჩნდა, იფიცებოდა, მე არ ვიქნები მარგველაშვილისნაირი უმადური პრეზიდენტი, თან ქალი ვარ, თან ემიგრანტი, თან ანტიმიშისტი, თქვენი ერთგულიო და ოცნების გულუბრყვილო ლიდერების გულიც მალე მოინადირა. თავიდან ვერაფერს შეატყობდით და თითო-ოროლა სულელური განცხადებაც მისი ქართული ენის ცუდად ცოდნას მიაწერდა ხალხი. ისე, ვიღაცებს ეჭვი მაშინვე გაუჩნდათ, როდესაც პრეზიდენტად არჩევა ისე შეიფერა, თითქოს მართლა ეგ აერჩიოს ხალხს და მეორე ტურში მისი სურათები არ ჩამოეხსნათ ბანერებიდან, ხოლო იმათ მიმართ, ვისი სურათებითაც ჩანაცვლდა მისი ფიზიონომია, ერთი სამადლობელო სიტყვაც არ დასცდენია.
მერე თანდათან დაიწყო სრულიად გაუმართლებელი შეწყალებები. გიორგი ოთხმეზურის შვილის თუ პოლიციელის მკვლელების, "ნარკობარიგის" შეწყალებას მოაყოლა პოლიტიკურ პატიმრებად მონათლული სისხლის სამართლის დამნაშავეების შეწყალებების მთელი სერია, რაზეც უტიფრად იმართლებდა თავს, მე არ მინდა, მაგრამ მაძალებენ გარედან, რადგან ეს სჭირდება დეესკალაციასო. იმაზე კი არაფერს ამბობდა, რომ ამ შეწყალებებით მილიონზე მეტ ამომრჩეველთან შევიდა კონფრონტაციაში და როცა მათმა წარმომადგენლებმა მიაკითხეს სასახლესთან და ჰკითხეს, ამას რატომ შვრებიო, ბოდიშის ნაცვლად, უპასუხა, აქ რას მომივარდითო.
მოკლედ, მადამ სალომე უსამშობლობის ტიპური ნიმუში გამოდგა და ღამურასავით ცხოვრობს. გამოდის, რომ ევროპაში ემიგრანტების შთამომავალი ისტორიულ სამშობლოში რეზიდენტად ჩამოვიდა და ასრულებს დასავლეთის იმ ფრთის დაკვეთებს, რომლებიც "ნაცებს" ლობირებენ. ანუ აქაც გადაგდებული ჰყავს ამომრჩეველი. მუშაობს მეორე ფრონტის გახსნის წახალისებაზე, ხოლო თბილისში მიმდინარე დესტრუქციული მიტინგების დროს, აშშ-დან მიესალმა პარლამენტის დამარბევლებს და იმ მატყუარებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს რუსული კანონი შემოჰქონდა ხელისუფლებას. მერე ცესკოს თავმჯდომარის არჩევანზეც ზუსტად იმავეს იმეორებდა, ლობირებდა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მუშაობს. ანუ ნებისმიერ სისულელესა და ალოგიკურობას უჭერდა და უჭერს მხარს და ახმოვანებს, რომელიც არსებული ხელისუფლების შერყევასა და ჩამოშლას გამოიწვევს.
რუსეთში პრიგოჟინის ერთდღიანი გამონათება იყო და „ამხელა“ პოლიტიკური გამოცდილების ქალმა ისიც ვერ გათვალა, რომ პაუზა აეღო, არ აცუნდრუკებულიყო და დესტრუქციული გამონათქვამებით საფრთხე არ შეექმნა ქვეყნისათვის (რაც თითქმის ყველა სხვა ქვეყნის ხელისუფლებმა გააკეთეს).
როცა სჭირდება ლავროვს ეტრფის, როცა სჭირდება - კუბილიუსებს და ფონ კრამონებს. ქართველი ხალხისთვის კი გაშიფრული უცხო ქვეყნის აგენტია, რომელიც საქართველოს გასაქრობად, გასანადგურებლად იმეტებს და მშვიდად უყურებს, როცა მისი ბოსები ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფენ. იმ ადამიანს, ვინც წუმპიდან ამოღებული საპრეზიდენტო სავარძელში დადო, უსამართლოდ უგინებენ, თვითონ მას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამუშავებენ.
2014 წელს მის ნათქვამ ციტატას ომის დამწყებად ქართული ჯარის გამოყვანაზე დღეს ყველა იმეორებს და აქ აღარ მოვიტანთ, დღეს მისი მხრიდან შეცვლილი რიტორიკაც და 2008 წლის 8 აგვისტოს ნაცვლად ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს დასახელება ისედაც მრავლისმეტყველია.
სავარძლის მოსაპოვებლად, როცა "ნაცების" რეჟიმის გინება სჭირდებოდა, აგინებდა და როცა ახლა სავარძლის შენარჩუნებას დასავლური მაფიისგან ელის, მათი უსამართლო მითითებებით რეჟიმის შემოქმედ კრიმინალებს შეწყალებით ათავისუფლებს ქვეყნის ასაოხრებლად. დიახ, ასაოხრებლად, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ ეს მეხუთე კოლონა მის პატრონებს ქვეყნის ომში ჩასართავად და ხელისუფლების ჩამოსაშლელად სჭირდებათ და არა დემოკრატიული გზით არჩევნებში გასამარჯვებლად.
გუშინ დიდის ამბით მოიწვია პრეს-კონფერენცია, ზემოდან გადახედა იქ მისულებს და დაიწყო: "ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევო", "საინტერესო დებატები გელითო"... "თქვენმა ოცნებამო" - ნიშნი მოუგო ერთ-ერთ ჟურნალისტს, თითქოს ოცნებას სალომე კი არა, ის ჟურნალისტი დაესვას იქ, საიდანაც ასე ყელყელაობს. მგონი, საკუთარი თავი დააჯერა, რომ ვიღაცებზე მაღლა დგას, „ვინც ქარტიის პირობებს არ შეასრულებს, ჩემთან ექნებათ საქმეო“... „მთავრობას უჩემოდ ვერავინ დააკომპლექტებსო“... და ვითომ ვერ ხედავს, რომ თვითონ ოპოზიციური პარტიებიც ძლივს იკავებენ სიცილს, როდესაც ინდაურივით გაფხორილ სალომეს უყურებენ. კვარცხლბეკზე შემხტარს ჰგონია, რომ მართლა ვიღაცაზე მაღლა დგას, ის კი არ იცის, რომ მაიმუნი რაც უფრო მაღლა აცოცდება, მით უფრო უკეთ აჩენს საკუთარ უკანალს.
და ბოლოს, ქალი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით აპოლიტიკური უნდა იყოს, ამბობს: რომ არც მოგწონდეთ არც ერთი ოპოზიციური პარტია, იცოდეთ, რომ ერთი წლით არიან და მაინც მიეცით ხმაო.
"აპოლიტიკურმა" პრეზიდენტმა კონსტიტუციის დარღვევით მოუწოდა ხალხს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ.
მადამ პრეზიდენტს ავიწყდება, რომ მთავარი ყოველთვის მაინც ხალხია, ხალხი რომელიც ხედავს და ადეკვატურად აფასებს ამ ყველაფერს!" - წერს კაკაბაძე.