პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
ექსპერტი ამბობს, რომ კითხვაზე - ვისი აგენტია სააკაშვილი, პასუხი ნიკოლა სარკოზის მემუარებშია.
"მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება" თავდაპირველად მოიცავდა მეშვიდე პუნქტსაც. და ზუსტად ამ პუნქტის ამოღება მოსთხოვა სააკაშვილმა სარკოზის.“- ექსპერტის თქმით, მეშვიდე პუნქტი აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მომავალი სტატუსების განსაზღვრას, მხოლოდ ფართო წარმომადგენლობითი, საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ითვალისწინებდა.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სარკოზის მემუარებში სააკაშვილის გადაწყვეტილება მე-7 პუნქტთან დაკავშირებით, უარყოფითად არის შეფასებული.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დავით ქართველიშვილი 2008 წლის ევროსაბჭოს სხდომასაც იხსენებს.
როგორც ქართველიშვილი წერს, სამიტზე, რომელიც სარკოზის დევიზით - „საქართველო ევროპა არაა“ მიმდინარეობდა , საქართველო იყო წარმოდგენილი და ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, თუმცა ევროპელი პარტნიორების პოზიცია უარყოფითი იყო.
„დასავლეთმა შეთხზა ცნობილი #1633 რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა დელეგაციამ უპრობლემოდ მოაწერა ხელი, ომის დაწყებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს დასანქცირებას ჩაუყარა საფუძველი.“- წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციის შემდეგ დასავლეთი დაწყნარდა და მეტიც, 2009 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე, რუსებთან ერთად აღლუმშიც მიიღო მონაწილეობა.
“როდესაც არ ცხრება დისკუსიები თემაზე - ვისი "აგენტია" ბოლო-ბოლო სააკაშვილი (ხოლო მე არაერთგზის დავაფიქსირე ჩემი პირადი მოსაზრება ამის თაობაზე), მე მინდა შეგახსენოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დამატებით არგუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული, ამა თუ იმ ვერსიის სასარგებლოდ.
მე პირადად არ მახსოვს, რომ ამ გარემოებაზე გამახვილებულიყოს ან პოლიტიკოსების, ან ჟურნალისტების მხრიდან ყურადღება. არ მახსოვს ამ თემაზე სადმე დასმული შეკითხვა ან პირადად სააკაშვილის, ან მისი კლანის რომელიმე წევრის მიმართ. არა და მისი მნიშვნელობა, 1633 ევრორეზოლუციაზე, იმ მოღალატეობრივ ხელმოწერაზე არანაკლებია, თუ არა - მეტი.
ამ გარემოებაზე ვრცლად ისაუბრა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აწ ასევე პატიმარმა - ნიკოლა სარკოზიმ თავის მემუარებში, რომლებიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ძალზე საინტერესო კულუარულ დეტალებს. საქმე იმაშია, რომ "მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება" თავდაპირველად მოიცავდა მეშვიდე პუნქტსაც. და ზუსტად ამ პუნქტის ამოღება მოსთხოვა სააკაშვილმა სარკოზის.
ეს პუნქტი ითვალისწინებდა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მომავალი სტატუსების განსაზღვრას მხოლოდ (!) ფართო წარმომადგენლობითი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ეს პუნქტი ფაქტობრივად იდენტური იყო ვალტერ შტაინმაიერის მიერ შემუშავებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარების სამეტაპობრივი პროექტის მესამე ეტაპისა.
მაგრამ, როგორც შტაინმაიერის გეგმის განხორციელებას არ მიეცა საშუალება - მისი პროექტის აფხაზეთში ჩატანიდან ზუსტად სამ კვირაში, ომის დაწყების გამო, ამ ჯერზეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, სააკაშვილის მოთხოვნით ამოღებული იქნა "სარკოზი-მედვედევის" შეთანხმებიდან.
საინტერესოდ აღწერს სარკოზი თავის მემუარებში მედვედევის რეაქციას სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაზე: "ღამის პირველი საათისკენ (12 აგვისტოს) მე დავურეკე მედვედევს და სააკაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ვთხოვე ამ პუნქტის ამოღება. მედვედევი კმაყოფილი ჩანდა, მათთვის ეს აშკარად აადვილებდა სიტუაციას, მით უმეტეს, რომ მათი ჯარი რჩებოდა დაკავებულ ტერიტორიაზე. საპასუხოდ, მედვედევმა გადამიხადა მადლობა ჩატარებული სამუშაოსთვის. გარდა ამისა, მე მომეჩვენა, რომ ის ისედაც საქმის კურსში იყო ყველაფრის, რაც ხდებოდა თბილისში. ქართული სისტემა კრემლის ყურებისთვის გაცილებით უფრო გამჭვირვალე იყო, ვიდრე ეს წარმოედგინათ ჩემს თბილისელ მასპინძლებს".
ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში, სააკაშვილის მიერ მეშვიდე პუნქტის ამოღებას შეცდომად მიიჩნევს, ვინაიდან სწორედ ამ გარემოებამ რუსეთს, უმოკლეს პერიოდში, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სტატუსების მიმართ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცა. ნიკოლა სარკოზის შეფასება დიპლომატიური ენიდან თარგმანში, ჩვენთვის ცალსახად ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს - ეს იყო სააკაშვილის მორიგი და გამიზნული ანტისახელმწიფოებრივი ღალატი და უმძიმესი დანაშაული.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა მოაწერა ხელი დოკუმენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" ცნობის თაობაზე. ერთ კვირაში ბრიუსელში გაემგზავრა ქართული სამთავრობო დელეგაცია და იმ მომენტისთვის, EU-ს თავმჯდომარე ქვეყანას -საფრანგეთს სთხოვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მე მოგიყვანთ ამ მოთხოვნაზე ევროკავშირის მიერ გაჟღერებულ რამდენიმე საპასუხო ციტატას:
✅ "ჩვენ არაორაზროვნად ვგმობთ რუსების არაპროპორციულ რეაქციას, მაგრამ აქ, ევროპაში, ვათვითცნობიერებთ, ჩვენს რუს მეზობლებთან დიალოგის აუცილებლობას" © ნიკოლა სარკოზი
✅ "საქართველოს ირგვლივ კონფლიქტი არ წარმოადგენს რუსეთსა და დასავლეთს შორის კუნთების სათამაშოდ საბაბს, ამიტომ მისი გადაწყვეტის გადასაღები არაა NATO-ს ხელში" © ნიკოლა სარკოზი
✅ "ეს არაა დიდი ომის გაჩაღების საბაბი, ეს არაა საბაბი ურთიერთობების გაფუჭებისა" © ნიკოლა სარკოზი
✅ "სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? ქვეყნის, რომელიც ფლობს ბირთვულ პოტენციალს, რომელმაც შეიძლება ათგზის გაანადგუროს დედამიწის მოსახლეობა, რომლის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 7-8%-ია, გაზისა და ნავთობის ქვეყანა, რომელიც ასე სჭირდება ევროპას?" © სილვიო ბერლუსკონი
✅ "მსგავსი სანქციები შემდგომ დაძაბულობას და არსებული ვითარების დაკონსერვებას მხოლოდ ხელს შეუწყობენ. ევროკავშირი ვალდებულია კვანძის გახსნის გასაღები მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით იპოვოს" © ტრაიან ბესესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი
✅ "სააკაშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებებს" © ჰანს-გერტ პოტტერინგი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე
✅ ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება , მოუწოდა მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკის გატარებისკენ, მზადყოფნა გამოთქვა კრიზისის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება დააანონსა
✅ საინტერესოა, რომ საქართველოს დელეგაცია ამ სამიტზე, რომელიც მიმდინარეობდა სარკოზის დევიზით: "საქართველო არაა ევროპის ნაწილი" - წარმოდგენილი იყო ლადო გურგენიძის, ეკა ტყეშელაშვილის და თემურ იაკობაშვილის სახით, მიუხედავად ევროსაბჭოს მკაცრი ვერდიქტისა, რომ "საქართველოს ოფიციალური პირები სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ!".
მაქსიმუმ, რასაც შეჯერდა ქართული დელეგაცია - ლადო გურგენიძის რიგითი შეხვედრა ხავიერ სოლანასთან, თუმცა არა ევროსაბჭოს რეზიდენციაში, სადაც ქართველი პრემიერი უბრალოდ არ შეუშვეს. საინტერესო იყო პრეზიდენტ სააკაშვილის განმარტებაც, თუ რატომ არ მონაწილეობდა იგი სამიტის მუშაობაში: არა იმიტომ, რომ მოწვევა არ ჰქონდა, არამედ იმ რისკის გამო, რომ რუსეთი არ დაუშვებდა იქიდან მის საქართველოში დაბრუნებას.
2008 წელს ქართველების შემდგომი გამაღიზიანებელი წუწუნი და აკვიატებული შეწუხება რომ შეეჩერებინათ, დასავლეთმა შეთხზა ცნობილი #1633 რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა დელეგაციამ უპრობლემოდ მოაწერა ხელი, ომის დაწყებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს დასანქცირებას ჩაუყარა საფუძველი. დასავლეთი დაწყნარდა და 2009 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე რუსებთან ერთად ერთობლივ სამხედრო აღლუმშიც კი მიიღო მონაწილეობა.
ამაზე და უფრო მეტზე - 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად უნდა შედგეს საპარლამენტო "ნიურნბერგის პროცესი". ამას გრძნობენ, ამის მოლოდინში არიან და ამიტომაც აჟღერებენ დაუფარავად ქვეყნის აყირავებისა და სახელმწიფო გადატრიალების საშემოდგომო გეგმებს, ჩვენს უახლოეს ისტორიაში უკვე მერამდენედ. და ასევე მერამდენედ - მოსალოდნელი განუხორციელებელი შედეგით,“- ნაწყვეტი დავით ქართველიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან.
პოსტის სრულად სანახავად გადადით ლინკზე -